სანაცნობო წრე თუ კონკურსი- როგორ დააკომპლექტებენ ქუთაისის მაჟორიტარები საკუთარ ბიუროებს?
19 ნოემბერს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. შესაბამისად დაკომპლქტდება მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები. მაჟორიტარის ბიურო ერთადერთია, რაც მაჟორიტარ დეპუტატს პროპორციული სიით არჩეული დეპუტატისაგან განასხვავებს.
ქუთაისს სამი მაჟორიტარი ჰყავს, სავარაუდოდ, სამი სამაჟორიტარო ბიურო ცალ-ცალკე შეიქმნება. ჯერჯერობით დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე შეჯერებული არ არიან. როგორ აპირებენ ბიუროების დაკომპლექტებას, პირდაპირი შერჩევის, თუ კონკურსის გზით? - ამ კითხვით „ნიუპრესმა“ მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართა.
ქუთაისის მაჟორიტარი #47-ე ოლქში გენადი მარგველაშვილი ბიუროს დასაკომპლექტებლად კონსულტაციებს გადის. მარგველაშვილის განცხადებით, მას არ უნდა დაკარგოს ის ადამიანები, ვინც არჩევნების პერიოდში გვერდით ედგა.
"არ მინდა იმ ადამიანების დაკარგვა, ვინ არჩევნების პერიოდში ჩემს გვერდით იყვნენ. გავივლი კონსულტაციას აღნიშნულთან დაკავშირებით და მას შემდეგ დავაკომპლექტებ გუნდს",-აღნიშნა მან.
თანამშრომელთა შესარჩევად კონსულტაციები არ სჭირდება #48-ე სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარს დიმიტრი მხეიძეს. მისი განცხადებით, თანამშრომლებს გამოცდილებიდან გამომდინარე და საკუთარი სანაცნობო წრიდან შეარჩევს.
„ვინც გამოიჩინა თავი საარჩევნო პერიოდში და გვერდით დამიდგა, თანამშრომლებადაც ამ ადამიანებს ავიყვან. რა თქმა უნდა, ბევრი იყო ასეთი პიროვნება, მაგრამ რაღაც კრიტერიუმებით მაინც გადაირჩევა, ესაა პროფესიონალიზმი და გამოცდილება. იმ კანდიდატებს შევარჩევ, ვინც კარგად იცის ქუთაისის პრობლემები და მოიტანს ხალხის სათქმელს ჩემამდე. რომ გითხრათ სანაცნობოდან არ შევარჩევთქო, არ იქნება სიმართლე, რადგან იმდენი სანაცნობო მყავს, მაინც ნაცნობი გამოვა“, -აღნიშნა დიმიტრი მხეიძემ.
მისი თქმით, თანამშრომელთა შესარჩევად კონკურსს არ გამოაცხადებს, რადგან ამას კანონი არ მოითხოვს და ურჩევნია იმ ადამიანებზე შეაჩეროს არჩევანი, რომელთა გამოცდილებასაც კარგად იცნობს.
რა გეგმები აქვს #49-ე სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარს კობა ნარჩემაშვილს, ამ ეტაპზე ამის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან დეპუტატი ქუთაისში არ იმყოფება, სატელეფონო ზარებს კი არ პასუხობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















