|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სანქცირებულია „ოცნების“, 230-ზე მეტი წარმომადგენელი, მათგან 141-ის ვინაობა ცნობილია

დასავლურმა ქვეყნებმა „ქართული ოცნების“, ჯამში, 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 141-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო/ სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული, - ამის შესახებ ინფორმაციას  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. 

დასანქცირებულთა შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის 4 წევრი, „ქართული ოცნების“ 52 მაღალჩინოსანი, 47 მოსამართლე, 17 პროკურორი და 14 პოლიციელი.

ამასთან, 2025 წლის 27 იანვარს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. 2025 წლის ივნისის ბოლოს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურეს, რომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე შეჩერებული იყო ევროკავშირის 11 წევრი სახელმწიფოს მიერ: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია. 2025 წლის სექტემბერში სიას ჩეხეთიც დაემატა. 

„დასავლური ქვეყნები აგრძელებენ სასანქციო პოლიტიკას „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის საპასუხოდ. სექტემბერში სანქციები გამოცხადდა დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის მიერ. დიდმა ბრიტანეთმა „უკრაინაში პუტინის ომის მხარდამჭერი“ 2 პირი დაასანქცირა: ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ჩეხეთმა რეპრესიებში ჩართულობის გამო ფინანსური სანქციები დაადო 5 პირს: შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, მოსამართლეებს: კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია და პროკურორი ლაშა კოტრიკაძე“, - აცხადებს ორგანიზაცია.  

ავტორი: