"საპორტო ქალაქში" ქაღალდის გემები გაუშვეს (PHOTO)
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ ქუთაისში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა გააპროტესტა. მან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ქუთაისში მელიქიშვილის ქუჩაზე სიმბოლურად ქაღალდის გემები გაუშვა. თევდორაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი არ უნდათ და საპორტო ქალაქის იდეა უფრო მოსწონთ, ამისათვის ზრუნვა კი გზებზე არსებული ორმოების სახით უკვე დაიწყეს.
"თუ გავივლით ქუთაისის ქუჩებში, ვნახავთ, რა მდგომარეობაშია გზები. ყველგან უზარმაზარი ორმოებია გაჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ ამინდები უკვე გამოვიდა ამ გზების ორმოული შეკეთებაც არ ხდება. არაა სიახლე, რომ ამ ხელისუფლებას საპარლამენტო ქალაქზე მეტად საპორტო ქალაქის იდეა ხიბლავს. დაიწყეს კიდეც ზრუნვა და არ ავსებენ იმ ორმოებს, რომელიც გზებზეა. ჩვენ დღეს მცირე პერფომანსი მოვაწყვეთ და ორმოებში, რომელიც წყლებით არის სავსე, ქაღალდის გემები გავუშვით, რადგან მათი პოლიტიკა ქაღალდივით მყარია", – განაცხადა გია თევდორაძემ.
ბრალდებაზე განცხადება ქუთაისის მერმა გააკეთა. შოთა მურღულიას განცხადებით, ორმოულ შეკეთებებზე გამოცხადებული ტენდერი შპს "დაგი +"–მა მოიგო და აღნიშნულ ქუჩაზე ორმოული შეკეთება რამდენიმე დღეში დაიწყება.
"სამუშაოებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ, ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ეს ქუჩა ორმოულ შეკეთებას ექვემდებარება, რადგან წყლის სამუშაოების გასატარებელი და კაპიტალური შეკეთება ვერ მოხდება. აქვე მინდა ვკითხო გია თევდორაძეს, მის მერობის დროს, როდესმე ორმოული შეკეთება მარტში თუ დაწყებულა? – განაცხადა მურღულიამ.
შეგახსენებთ, წელს, ქუთაისში დაახლოებით 85 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 22 მილიონი ლარია გამოყოფილი.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















