|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ხვალ ბრიუსელში გაემგზავრება

 საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ხვალ ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 15 დეკემბერს  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს  ღონისძიება განსაზღვრავს უკვე შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. 

"ჩვენთვის ეს ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ბოლო 12 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამიტიც იქნება ასევე მაქსიმალურად გამოყენებული ჩვენი მხრიდან, იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, იყოს შესაბამისად ასახული მიღებულ დეკლარაციაში და ასევე ჩვენ გვაქვს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ სამიტთან დაკავშირებით,  თუ რა მიმართულებით უნდა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები და ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

მოგეხსენებათ, რომ ამ სამიტს წინ უძღოდა მოსამზადებელი შეხვედრები. მე გახლდით აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელსაც შემდგომ მოჰყვა, პირველად, პრემიერ-მინისტრების ფორმატში, ასოცირებული ტრიოს ვიზიტი ბრიუსელში. სწორედ ეს ორი ღონისძიება იყო მაქსიმალურად გამოყენებული ჩვენი მოლოდინების მაქსიმალურად ასახვის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ ის დეკლარაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ 15 დეკემბერს, იქნება ზუსტად ჩვენი მოლოდინების შესაბამისი, კერძოდ, ასახული იქნება ჩვენი ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, ასევე, კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების კუთხით და დადასტურდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ასახული იყოს ჩვენი სურვილი დავუახლოვდეთ ერთიან ევროპულ ბაზარს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული დაკავშირებადობა, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი. საქართველო იქნება მაქსიმალურად ჩართული ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში.

მოლოდინები მართლაც არის პოზიტიური და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ვიზიტის შედეგად, გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელიც განსაზღვრავს უკვე შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა