ინვესტორი ტყიბულის შახტებზე უარს ამბობს
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს, 04:50 საათზე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.
“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს.
მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე, ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.
აქედან გამომდინარე, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულის შახტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.
"საქნახშირი" ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. კომპანია 2006 წელს დარეგისტრირდა და ის ამ დრომდე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის სრულ მფლობელობაში იყო.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















