"საქართველოს მოქალაქეები ბელგიაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ"
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისმა ადგილობრივი მედიისთვის ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ქუთაისის კოორდინატორმა, ნუგზარ კოხრეიძემ ბელგიის, ასევე საფრანგეთის, და ბულგარეთისა და ავსტრიის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
აღნიშნულმა ქვეყნებმა გამოაქვეყნეს სია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების შესახებ. ამ სიაში მოხვდა საქართველო, რაც ნიშნავს შემდეგს: ბელგიამ (და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა) შეაფასეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ საქართველოში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში მიიღებენ უარყოფით პასუხს.
„ბელგიის საიმიგრაციო სამსახურის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს უკანონო მიგრაციის პრევენციის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას უსაფრთხო მიგრაციასთან დაკავშირებულ და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე. IOM გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მედიის წარმომადგენლებთან. მედია ბრიფინგის დროს მოხდა დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მედიასთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა და გამოცხადდა ჟურნალისტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსის დეტალები“ ,- განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ნუგზარ კოხრეიძემ.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა 2016 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















