საქართველოში 108 საჯარო სკოლა პირველკლასელების გარეშე დარჩა
2019-20 სასწავლო წლისათვის რეგისტრირებულია 53 506 პირველკლასელი, აქედან საჯარო სკოლებში – 47 563, კერძო სკოლებში – 5 943. სკოლებში 20 308 ადგილი კი ვაკანტური დარჩა - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოწოდებულ საჯარო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით EDU.ARIS.GE ავრცელებს.
"ვაკანტური ადგილები ძირითადად რეგიონების სასწავლო დაწესებულებებზე მოდის. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მოგვაწოდა 108 საჯარო სკოლის სია, სადაც 2019-20 სასწავლო წლისათვის არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. რეგიონებს შორის ამ კუთხით ლიდერობს მაღალმთიანი აჭარა, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა და ხულოს მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა. ზოგადად აღნიშნული სტატისტიკითაც შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობაა. პირველკლასელების გარეშე დარჩა ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლა, ამბროლაურის – 6 საჯარო სკოლა. დუშეთის – 7 საჯარო სკოლა; სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე 10 საჯარო სკოლა და ა.შ." - ნათქვამია გავრცელებულ იმფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით გაცილებით დიდია ისეთი სკოლების რიცხვი, სადაც წელს მხოლოდ 1-დან 10-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა. ასეთი სკოლა სულ 1 056-ა, მათ შორის 45- მდე კერძო სკოლაა.
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია და აგვისტოდან სასწავლო დაწესებულებები მათ დასახვედრად მზადებას დაიწყებენ. როგორც წინასწარი განცხადებებით ხდება ცნობილი, საჯარო სკოლების პირველკლასელები სახელმწიფოსგან ტრადიციულად საჩუქრად მიიღებენ კომპიუტერებს და სახელმძღვანელოებს.
სრულად: EDU.ARIS.GE
ავტორი: ნიუპრესი