|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიცია საზოგადოებრივი შეკრების ადგილებს მაქსიმალურად გააკონტროლებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია საზოგადოებრივი შეკრების ადგილებს მაქსიმალურად გააკონტროლებს. შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.

"არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს, მოვლენათა შესაძლო ექსტრემალური განვითარების თავიდან აცილების მიზნით. ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი