სარეაბილიტაციო პროცედურები სპორტული ტრავმების დროს
სპორტული ტრავმები ხშირია როგორც პროფესიონალ სპორტსმენებში, ისე ფიზიკურად აქტიურ ადამიანებთან. ტრავმა შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი და არადოზირებული დატვირთვით, უეცარი მკვეთრი მოძრაობით, არასაკმარისი მომზადებით და ა.შ. ტრავმის უყურადღებოდ დატოვება ან მისი არასწორი მართვა ხშირად იწვევს პრობლემის ქრონიკულ ფაზაში გადასვლას, ზრდის ნარჩენი მოვლენების რისკს და სხვა. რეაბილიტაციის მიზანი არა მხოლოდ დაზიანებული უბნის სიმპტომური მკურნალობაა, არამედ - ფუნქციის სრულფასოვანი აღდგენა და შემდგომი ტრავმის პრევენცია.
გავრცელებული სპორტული ტრავმები
სპორტულ აქტივობებთან დაკავშრებული მრავალი სახის ტრავმა არსებობს და თითოეული მათგანს სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება :
- დაჭმულობა - კუნთების და რბილი ქსოვილების დაჭიმულობა სპორტში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა;
- ტენდინიტი - მყესის ანთება, რომელიც ხშირად გადაჭარბებული და არასწორი დატვირთვითაა გამოწვეული;
- მოტეხილობა;
- კონტუზია (სისხლჩაქცევები) - ძირითადად დარტყმის ან დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებაა;
- დისლოკაცია - სახსრის დაზიანება, რომლის დროსაც სახსრის შემადგენელი ნაწილები იცვლის ნორმალურ ანატომიურ მდებარეობას;
- მენისკის დაზიანება - ხშირია ისეთი აქტივობების დროს, რომლებიც პოზიციის სწრაფ ცვალებადობას მოითხოვს
- ბურსიტი - სასახსრე ჩანთის ანთება. ძირითადად გვხვდება მუხლის, იდაყვისა და მხარის სახსარში;
- ტვინის შერყევა - თავის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანება, რაც იწვევს ტვინის ფუნქციის დროებით რღვევას.
სპორტული რეაბილიტაცია
სპორტული ტრავმების რეაბილიტაცია საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობას. მიზნებია:
- ტრავმის შეფასება, ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობის სწორი გეგმის შედგენა;
- ტკივილის და ანთებითი პროცესის მართვა - მედიკამენტოზური თერაპია, ფიზიკური თერაპიის აპარატული მეთოდები (ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია და სხვა);
- მოძრაობის ამპლიტუდისა და ძალის აღდგენა - ინდივიდუალური სამკურნალო ვარჯიშები კუნთის მოქნილობისა და ძალის აღსადგენად;
- ბალანსის და პროპრიოცეფციის გაუმჯობესება;
- სპორტსპეციფიკური ვარჯიშები;
- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;
- პროფილაქტიკა - სწავლება- როგორ მოვემზადოთ ვარჯიშისთვის სწორად, შემდგომი ტრავმების პრევენცია.
სპორტული ტრავმების მკურნალობის ძირითადი მეთოდები
- RICE თერაპია:
მცირე დაზიანებები, როგორიცაა რბილი ქსოვილების მსუბუქი დაჭიმულობები, ხშირად შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში RICE თერაპიით იმართოს.
RICE თერაპია მოიცავს:
R- rest- დასვენება- შეწყვიტეთ ვარჯიშს და შეამცირეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა;
I- ice- ყინული - დაიდეთ ყინული დაზიანებულ ადგილზე 15-20 წუთის განმავლობაში, ყოველ 2-3 საათში. ყინული უნდა იყოს გახვეული თხელ ქსოვილში, იმისათვის რომ არ დაზიანდეს კანი;
C- compression- კომპრესია- გამოიყენეთ ელასტიური სახვევი შეშუპების შესამცირებლად;
E- elevation- ამაღლება- დაზიანებული ადგილი მოათავსეთ ამაღლებულ პოზიციაში;
- მედიკამენტოზური თერაპია;
- იმობილიზაცია;
- ფიზიოთერაპია:
სპორტული ტრავმის რეაბილიტაციის პროცესში დიდი როლი აქვს ფიზიოთერაპიას. ამ დროს გამოიყენება ისეთი მეთოდები,როგორიცაა : ულტრაბგერითი თერაპია, ლაზეროთრაპია, ელექტროთერაპია, სამკურნალო ვარჯიში და ა.შ ფიზიოთერაპიის ძირითადი მიზანია ტკივილის და ანთების მართვა, მოძრაობის დიაპაზონის გასაუმჯობა.
- ოპერაციული მკურნალობა
სპორტული ტრავმების უმეტესობა არ საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას, მაგრამ სერიოზული დაზიანებებისას ( მაგ. მძიმე მოტეხილობები) შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
ავტორი: