სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას სახალხო დამცველი აფასებს
"პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოყენებული ვიზუალური მეთვალყურეობის პრაქტიკა. განგაშის საფუძველს იძლევა საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული პატიმართა შორის ძალადობის 33 შემთხვევა, რაც ძალადობის რისკ ფაქტორების იდენტიფიცირების და ძალადობის პრევენციის პრობლემაზე მიუთითებს. საკანში არსებული პირობები ზოგადად დამაკმაყოფილებელია, თუმცა, დაწესებულების სავენტილაციო სისტემა ვერ უზრუნველყოფს სათანადო ხელოვნურ ვენტილაციას; ყველა პატიმარი არ არის უზრუნველყოფილი 4 კვადრატული მეტრის ფართით; არადამაკმაყოფილებელია სამარტოო საკნების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მონიტორინგის პერიოდში არ ხდებოდა დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება; დადებითად უნდა აღინიშნოს პატიმართა გამოკითხვა სარეაბილიტაციო აქტივობებთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, დაწესებულებაში არ არის დანერგილი მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობები"- ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
უწყების სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მომზადებულ კვლევაში დადებით ტენდენციადაა მითითებული ექთნების რაოდენობის ზრდა, თუმცა აღნიშნულია, რომ წინა წელთან შედარებით შემცირებულია ექიმების რაოდენობა. მონიტორინგისას ექიმის ერთი პოზიცია ვაკანტური იყო. ქალი პატიმრები სრულად ვერ სარგებლობენ გენდერულად სპეციფიკური სამედიცინო მომსახურებით. ვერ ხერხდება ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების დროული მიწოდება.
2014 წლის მონაცემებთან შედარებით 2015 წელს გაზრდილია დისციპლინური სახდელების გამოყენების პრაქტიკა. საგანგაშოდაა მიჩნეული სამარტოო საკანში მოთავსების ფაქტების ზრდა, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევები. პრობლემაა ასევე ხანმოკლე პაემნის განხორციელება მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით, აგრეთვე პატიმრის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ხშირ შემთხვევაში, პატიმრის ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლობა. დაწესებულებაში ვერ ხერხდება სატელეფონო ზარის განხორციელება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ; მიუხედავად ამისა, არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ხაზგასასმელია არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების სამედიცინო გამოვლენისა და სრულყოფილ დოკუმენტირების ხარვეზები"-ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
პენიტენციალური დაწესებულება სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი რიგი პრობლემების აღმოფხვრის შესახებ მზადყოფნას აცხადებს.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
















