სასულიერო პირის საქმეზე უცხოელი ექსპერტები არ დაიკითხებიან
მარიხუანის სამედიცინო დანიშნულებით მოხმარების შესახებ ამერიკელი და კანადელი ექსპერტები გიორგი ჯახუას საქმეზე არ დაიკითხებიან - ამ საკითხზე დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა.
სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონის გიორგი ჯახუას საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.
ჯახუას ადვოკატის, ვალერი თევდორაძის განცხადებით, სხდომაზე მხარეებმა საკუთარი არგუმენტები და შუამდგომლობები წარმოადგინეს, თუმცა სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
„ჩვენი მოთხოვნა იყო მარიხუანის სამედიცინო დანიშნულებით მოხმარების შესახებ ექსპერტების დაკითხვა. ამერიკელი და კანადელი ექსპერტები მზად იყვნენ (სკაიპის მეშვეობით) ამ საქმეში ჩართულიყვნენ“-განაცხადა თევდორაძემ.
სასულიერო პირი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 12 -წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ირწმუნება, რომ კანაფს სამედიცინო დანიშნულებით მოიხმარდა.
მას ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის კულტივირებაში - სს კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილით ედება.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მცენარე მთლიანად არ შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებას, ამიტომ საქმეში ამ ოდენობის - 453 გრამის დაფიქსირება არ უნდა ამომხდარიყო.
სამართლო სხდომა 6 მარტს გაიმართება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















