"საუბნო კომისიების წევრების შერჩევა არის ფარსი და ჩვენ მასში არ ვმონაწილეობთ"
საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების შერჩევა "ქართული ოცნების" შტაბებში ხდება- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გია უკლება, რომელმაც ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესი გააპროტესტა და მას ფარსი უწოდა. მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობს რეაგირება არ აქვთ.
"საუბნო კომისიის წევრობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ "ოცნების" შტაბების მიერ შერჩეული ადამიანები, ასეთი მდგომარეობაა ქუთაისსა და იმერეთის რაიონებში. იმერეთის არც ერთ რაიონში ამაზე რეაგირება საოლქო კომისიის არცერთ ხელმძღვანელს არ მოუხდენია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა შუამდგომლობა, რომ კონკურსანტებთან მომხდარიყო გასაუბრება, რაზეც უარი მივიღეთ. ასევე კონკურსიდან არ მოხსნეს ის 61 კონკურსანტი, რომლებსაც წინა არჩევნებში მიღებული აქვთ დისციპლინური დევნა, რომელთა შეცდომები იყო იმდენად მძიმე, რომ საარჩევნო პროცესზე გავლენა იქონია უბნებზე და მათ შორის, შედეგებზე", - აცხადებს გია უკლება.
მისი თქმით, რაიონებში უკვე აქვთ სია, თუ ვინ დაინიშნება საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით, ასევე ის, თუ ვის რა თანამდებობა ექნება, რაც არის კანონდარღვევა.
"ეს შერჩევა არის ფარსი, რამდენიმე კონკურსანტმა განაცხადი რომ შეავსო, ბლანკში საარჩევნო გამოცდილებად - "კოორდინარორი" ჩაწერეს, იმდენად არაკომპეტენტურები არიან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მერიის თანამშრომლები არიან, ასევე მერიის აიიპი "პარკინგსერვისის" თანამშრომლები კოლექტიურად მივიდნენ და განცხადება შეიტანეს კონკურსში მონაწილეობის შესახებ. ასე რომ, ეს არის სრული ფარსი, რომელსაც კონკურსთან საერთო არაფერი აქვს", -აცხადებს გია უკლება.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რეგიონის მასშტაბით უარს აცხადებენ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კენჭისყრებში მონაწილეობაზე.
როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, წევრების შერჩევა მიმდინარეობს, რომლის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება იმ 61 კონკურსანტს, რომლებსაც შარშან დისციპლინარული შენიშვნები ჰქოდათ, მათი თქმით, აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება. რაც შეეხება შერჩევას, ის არა გასაუბრებით, არამედ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ხდება, სადაც მითითბულია საარჩევნო გამოცდილება და შესაბამისი სერთიფიკატი, უპირატესობა გამოცდილების მქონე და სერთიფიცირებულ კადრებს მიენიჭება.
59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საუბნო სარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცედურას ბოიკოტი გამოუცხადა სამმა პარტიამ, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ", ქრისტიან–კონსერვატიული პარტიამ და "ბურჯანაძე დემოკრატებმა", კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ევროპულმა საქართველომ."
საუბნო კომისიის წევრების შერჩევაში 1154 კონკურსანტი მონაწილეობს. სულ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე ჯამში 738-ს შეადგენს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















