|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საუბნო კომისიების მუშაობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მონაწილეობას არ მიიღებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საუბნო კომისიების მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, - აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს #59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, "ნაციონალებმა" საუბნო საარჩევნო კომისიებიდან თავიანთი წევრები გაიწვიეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარტიაში საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობით ხსნიან.

"ამ ფარსში, რასაც ხელისუფლება არჩევნებს ეძახის, არ ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ არჩევნების გაყალბების არაერთი მტკიცებულება წარმოვადგინეთ და კიდევ უამრავ ფაქტს გამოვაქვეყნებთ, რათა საზოგადოებამ კარგად ნახოს, რა ტიპის არჩევნებს ატარებს "ქართული ოცნება", -განუცხადა "ნიუპრესს" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, თვითმმართვეობის  არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ქუთაისში მეორე ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია (49%) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (27%) გადავიდნენ.  მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის"  ბოიკოტისა, არსებული კანონის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენში მათი კანდიდატის სახელი მაინც იქნება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა