საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის ხარჯები, შესაძლოა, გაიზარდოს
პროექტზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, საინჟინრო სამუშაოები კი შუა გაზაფხულისთვის დაიწყება, - ამის შესახებ დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის დაგეგმარების პროექტის განხილვისას, “ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელმა გიორგი უძილაურმა განაცხადა. მისი თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„საქართველოში პროექტის განხორციელებას, როგორც წესი, უძახიან ტრაქტორის მუშაობის, ან რაიმე შენობის მშენებლობის დაწყებას. ასე არ არის, პროექტზე მუშაობა 2016 წლიდან აქტიურად დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ვნახავთ რეალურ შედეგს. უშუალოდ საინჟინრო სამუშაოები, რომელიც ასე ძალიან აინტერესებს მოსახლეობას, ამ წლის შუა გაზახულისთვის დაიწყება. როდესაც საუბარია ამ დონის პროექტზე, ეს მოიცავს ძალიან დიდ სამუშაოებს“,- განაცხადა უძილაურმა.
ფონდი ქართუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, უნივერსიტეტში პირველი ნაკადის მიღება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ყველა მიმართულება დასაწყისისათვის აქტიური არ იქნება.
უძილაურის თქმით, პროექტით გათვალისწინებულია მილიარდი ევრო, თუმცა, შესაძლოა, ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს, დაახლოებით 100 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















