|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის დეკრიმინალიზაციას ითხოვს

საქართველომ უფრო მოქნილი უნდა გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური მიმართულებებიდან შესვლის წესი და უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის სასჯელის ზომა უნდა შემოიფარგლებოდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით, ნაცვლად ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა,- ნათქვამია სახალხო დამცველია ანგარიშში, რომელიც მან  საზოგადოებას  წარუდგინა. მასში  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციებია თავმოყრილი.

ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის, ეკონომიკური საქმიანობის, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონსა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებსა და დაბრკოლებებს მიმოიხილავს და მათი აღმოფხვრის გზებს მიუთითებს.

 

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, პრაქტიკამ ცხადყო,  რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის სასჯელი მხოლოდ იმ მცირე ნაწილს ეკისრება, რომელიც შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოდის. ამასთან, ეს შეზღუდვა ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებზე და მათ თანამშრომლებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობას ეწევიან.

სახალხო დამცველი ასევე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების შესაბამისად, მთავრობამ უნდა შეიმუშავოს წამახალისებელი სამართლებრივი და ლოჯისტიკური მექანიზმი, მათ შორის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და გამოყოს ფინანსური რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესებს, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოქმედ ბიზნესებთან და მეწარმეებთან, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, სხვა საბუთები, გარდა არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, ძირითადად არ გააჩნია. ხოლო, ვინაიდან, მოქმედი კანონის მიხედვით ასეთი დოკუმენტები არარაა, მათთვის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება გართულებულია. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება, რითიც შემდეგ შეეძლებათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა