"შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია"
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია წარადგინა. როგორც პრემიერმა განაცხადა, დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. მისი თქმით, ქუთაისში ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი - საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში.
”დღეს 12 სექტემბერია და შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს.
როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ,,მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი“. დღეს ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში, ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში. უნივერსიტეტის არსებობა შეუნარჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს მათ. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს უნივერსიტეტი იქნება ის საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს გამოუშვებს. ეს იქნება ის ხალხი და ის თაობები, რომლებიც გარღვევას მოახდენენ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში.
მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეს ულამაზესი ადგილია, აქ არის ტყეც, ტბაც, მდინარეც, და ამავე დროს ძალიან მოხერხებულია უნივერსიტეტისთვის. აქ აშენდება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. აქ იქნება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისათვის. აქ იქნება კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფეები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთისადა რაგბის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, მინი ფეხბურთის მოედნები, კალათბურთის დარბაზი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები და შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია",-განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები“.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















