"შეუძლებელია, სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე"
შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე, - ამგვარად ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას. პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საჭიროა მთელი ძალისხმევა შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ.
"ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ - სიცოცხლის თემა", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთს დაშავებულს მკურნალობა ტყიბულის კლინიკაში უტარდება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















