"შეყვარებულ წყვილებს შეუძლიათ მოვიდნენ და დარგონ ნერგები"
ქუთაისში, 25 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში "სიყვარულის ხეივანი" გაიხსნება.
ინიციატივის ავტორი იზა ვეფხვაძე მსურველებთან ერთად 50 ძირ ცაცხვის ნერგს დარგავს. საინიციატივო ჯგუფი ნერგებს ხარაგაულიდან ჩამოიტანს. როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორი გიზო თავაძე ამბობს, ნერგების დარგვაში მონაწილეობა ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი. ის ახალგაზრდა წყვილებს მოუწოდებს მიიღონ მონაწილეობა "სიყვარულის ხეივანის" გაშენებაში.
"25 მარტს კიდევ ერთი ხეივანი შეემატება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკს. "სიყვარულის ხეივანის" გახსნის ინიციატივით იზა ვეფხვაძემ მოგვმართა. ჩვენ პარკის შუა ნაწილი გამოვყავით, სადაც დაირგვება ნერგები. საინიციატივო ჯგუფს 50 ნერგი ჩამოაქვს ხარაგაულიდან. მოწვეული არიან სტუმრები თბილისიდან, ხარაგაულიდან და ასე ერთობით გავაშენებთ ხეივანს. შეყვარებულ წყვილებს შეუძლიათ მოვიდნენ და დარგონ ნერგები და შემდეგ ხელჩაკიდებულებმა ისეირნონ ხეივანში", - განაცხადა პარკის დირექტორმა გიზო თავაძემ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რეზო ჭეიშვილის, ოტია იოსელიანის, ცისფერყანწელთა ხეივნებს მალე მეგობრების და სიყვარულის ხეივნები შეემატება.
შეგახსენებთ, "სიყვარულის ხეივანის" გაშენების იდეა სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „მე შენ მიყვარხარ“ ფარგლებში დაიგეგმა. ინიციატივის ავტორი ხარაგაულის სახალხო თეატრის დამაარსებელი და დირექტორი იზა ვეფხვაძეა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















