|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოვში სამხედრო პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფი შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში ადგილზე  გამოცხადდა, ექიმებს სამხედრო მოსამსახურე, გარდაცვლილი დახვდათ, - ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს.

„ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან (10:55 საათი) 10 წუთში გამოცხადდა (11:05 საათი), თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდათ. შესაბამისად, ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ასევე, ონისა და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანიმობილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, შოვში მიმდინარე სამუშაოების დროს 50 წლის სამხედრო თემურ ხარჩილავა გარდაიცვალა.

ავტორი: