სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა იწყება
სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება, - პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.
პროექტის განხორციელების ინიციატივა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს" ეკუთვნის.
შოთა მურღულიამ "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელს დედა თინათინს მადლობა გადაუხადა იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც ის ქველმოქმედების სახით აკეთებს. ასევე აღნიშნა, რომ ამ პროექტში მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა.
ქუთაისი აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთო და საქველმოქმედო აქციებიც დაიგეგმა. ერთ-ერთი ღონისძიება 2 დეკემბერს ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. საზოგადოების წინაშე ზვიად ბოლქვაძე წარსდგება სოლო-კონცერტით მეგობრებთან ერთად. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ბერი ანდრიას ფონდში.
სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყება და სავარაუდოდ, 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ.
სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად 20 ბავშვსა და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს. ასევე, იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















