|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკოლას არ აქვს თანხა დამლაგებლის დასაქირავებლად და მშობლებმა შეაგროვეთ"

„სკოლაში არ არის საკმარისი თანხა იმისთვის, რომ საკლასო ოთახების დასალაგებლად დამლაგებელი დავიქირაოთ. მშობლებმა გადაინაწილეთ მორიგეობა, ან არის დამლაგებელი და შეაგროვეთ თანხა მის დასაქირავებლად“, –ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა მასწავლებელმა და ჩვენც სხვა გზა რომ არ გვქონდა, თანხის აკრება დავიწყეთ. არ გვაქვს დრო სკოლაში ვიაროთ და ოთახი ვალაგოთ“, –განაცხადა ქუთაისის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლის მშობელმა „ნიუპრესთან“ საუბარში. მისი თქმით, სკოლაში კლასის დასალაგებლად თანხებს ყოველ თვეში კრებენ.

„ბავშვებს სიბინძურეში ხომ არ ვამყოფებთ, ამიტომ ჩვენ ვკრებთ თანხას, შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ არიან ოჯახები, რომელთაც ეს თანხაც არ აქვთ. თუ დერეფნების დასალაგებლად ქირაობენ დამლაგებლებს, რატომ არ აქვს თანხა კლასების დასალაგებად?“–აცხადებს მშობელი.

სკოლაში თანხის აკრებაზე საუბრობს კიდევ ერთი ე.წ. პოპულარული სკოლის მოსწავლის მშობელი. მოსწავლეების ინტერესების დასაცავად მათი და მშობლების ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, თუმცა სკოლაში თანხის აკრებაზე არაერთი სკოლის წარმომადგენელმა ისაუბრა. ჩვენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და მშობლებს გავესაუბრეთ, მათი განცხადებები ერთმანეთის იდენტურია, აღნიშნავენ, რომ სკოლებს კლასების დასალაგებისათვის დამლაგებელთა დასაქირავებლად ფინანსები არ აქვს.

„ნიუპრესის“ ინფორმაციით, სკოლაში თანხის აკრებასთან დაკავშირებულით ინფორმირებულია განათლების რესურსცენტრი, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლების დირექტორები დაიბარეს. თუმცა სკოლებში თანხის აკრების შესაძლებლობას  გამორიცხავს  ბადრი ვაშაკიძე და საკითხით ჩვენს დაინტერესებას სენსაციის აგორების და მასალის გაყიდვის მცდელობად აფასებს.

„მე გამოვრიცხავ ასეთ ფაქტს, რომ სკოლაში დირექციამ, ან მასწავლებელმა მშობლებს რაიმე აუხსნას თანხის აკრებასთან დაკავშირებით.  ამაში ვერავინ დამარწმუნებს, რადგან ქუთაისის სკოლებში არ შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს. ყველა სკოლას აქვს საკუთარი ბიუჯეტი. დამისახელეთ კლასი, მშობელი, სად იყო ასეთი ფაქტი და მოვიკვლევ. არაერთხელ გვითხვამს, რომ არ შეიძლება, თანხა აიკრიბოს. თქვენ ვერ დამარწმუნებთ, რომ მასწავლებელი ვინმეს თანხას თხოვს. თუ სურვილი გაქთ, რომ ასე იყოს, ეს სხვა თემაა. თქვენ მესაუბრებით მომჩივანის საჩივარზე, რომელსაც მე არ ვიცნობ, ჩემთან მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურად არ შემოსულა“, -განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ, თუმცა აღნიშნა, რომ სწორედ სკოლებში თანხის აკრების საკითხზე ესაუბრა სკოლის დირექტორებს, რომელთაც რამდენიმე დღის წინ შეხვდა. კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ამაზე საუბარი,  განაცხადა, რომ დირექტორებს შინაგანაწესი კიდევ ერთხელ შეახსენა.

„რამდენიმე დღის წინ შევხდი დირექტორებს და ავუხსენი, რომ არ შეიძლება სკოლაში დასუფთავებისთვის, რაიმე ნივთის შესაძენად, ან თუნდაც კულტურულ დაწესებულებებში ბავშვების წასაყვანად მოხდეს თანხის აკრება. ეს შეხვედრა გაიმართა მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთხე შევახსენე შინა განაწესი მათ“, -განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა