სოციალურად დაუცველ მოხუცს საცხოვრებელში არ უშვებენ
სოციალურად დაუცველი მედიკო იობიძე ჭომაში მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი სტატუსის გამო რამდენიმე წლის წინ "ნაციალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მას, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცა საცხოვრებელი ფართი, თუმცა აღნიშნულ საცხოვრებელში ვერ შედის, რადგან მეზობელი არ აძლევს ამის საშუალებას. როგორც თვითონ ამბობს, ნაჩუქარ საცხოვრებელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ელექტრონული სახით გაასხვისებს. იობიძის განმარტებით, ამ პრობლემით ბევრჯერ მიმართა ადგილობრივ თვითმართველობას, თუმცა უშედეგოდ. მოხუცებული ამჟამად ამორტიზირებულ სახლში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.
იობიძე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოინახულეს. პარლამენტარი გია თევდორაძე აცხადებს, აღნიშნული პრობლემით თავად მიმართა ქალაქის მერს, თუმცა უშედეგოდ.
"ღია ცის ქვეშ ცხოვრებისთვის და სიცივით სიკვდილისთვის გასწირა ხელისუფლებამ დღეს მედიკო იობიძე. მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც ეხება აღნიშნული პრობლემის მოგვარება, მიაქციოს ყურადღება ამ მიუსაფარ ქალბატონს. ვიდრე თქვენს თბილ სახლებში გაათევთ ღამეს, იქნებ გაითვალისწინოთ ამ ადამიანების მდგომარეობა, გადასცეთ ის ფართი, რომელიც თავის დროზე გამოუყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“,- განაცხადა გია თევდორაძემ.
აღნიშნულ საკითხს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მედიკო იობიძეს განუმარტეს, რომ განცხადებით მიემართა მერისთვის, თუმცა მან განაცხადი ეკონომიკის სამინისტროს გაუგზავნა, რის გამოც მერიამ შუამდგომლობის გაწევა ვეღარ შეძლო:
"2009-20010 წლებში მედიკო იობიძეს პრეზიდენტის ბრძანებით სიმბოლურად 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართი.იმ დროინდელმა თვითმართველობამ არ მოახდინა ამ ქალბატონის ინფორმირება, რომ მას სიმბოლურად უნდა გადაეხადა 1 ლარი, რის გამოც მას არ გადაეცა საკუთრების მოწმობა. ქალბატონს ჩვენი მხრიდან გაწია კონსულტაციები, დავეხმარეთ იმაში, რომ დაეწერა განცხადება, მიემართა მერისთვის, რომელიც გაუწევდა შუამდგომლობას ეკონომიკის სამინისტროში,რათა ეკონომიკის მინისტრს მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფართის საკუთრებაში გადაცემის. თუმცა ქალბატონმა არ შემოიტანა განაცხადი ადგილობრივ თვითმმართველობის კანცელარიაში, გადააგზავნა პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროში და მან მიიღო უარი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ქალბატონს გავუწიოთ შუამდგომლობა ეკონომიკის სამინისტროში",- აღნიშნა კლდიაშვილმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















