სოფო ბობოხიძის სახელით წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატს საჩუქრები გადაეცემა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ორგანიზებით გასულ წელს დაწყებული საქველმოქმედო ღონისძიება წელსაც გაგრძელდა. ოპერისა და ბალეტის თეატრში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ჟურნალისტის და ფოტოგრაფის სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ვიცე-გუბერნატორმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა შეიძინეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 3000 ლარამდე თანხა შეგროვდა და შესაძლოა, რაოდენობა გაიზარდოს, რადგან მოქალაქეები ამ დრომდე გამოთქვამენ თანხის გადარიცხვის სურვილს. როგორც თეონა მელქაძემ "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, თანხა სავარაუდოდ, 3 ოჯახზე გადანაწილდება, რომლებიც დღის ცენტრის მიერ შეირჩევიან. ასევე გაგრძელდება თავად სოფო ბობოხიძის ტრადიცია.
"უკვე შერჩეული გვყავს ერთი ოჯახი და სავარაუდოდ, კიდევ ორ ოჯახს დავეხმარებით, მათ საახალწლოდ თანხას გადავცემთ. ასევე გავაგრძელებთ სოფო ბობოხიძის ტრადიციას, როგორც გავიგეთ, ის ყოველ ახალ წელს მიდიოდა წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატში და მათთვის ტკბილეული მიქონდა, ამიტომ, ჩვენ წელს სოფოს სახელით მივიტანთ ტკბილეულს და გაგრძელდება მისი ტრადიცია", -განაცხადა თეონა მელქაძემ.
საქველმოქმედო ღონისძიება ტრადიციული ხასიათის იქნება და ის ყოველი წლის 19 დეკემბერს (ნიკოლოზობას) გაიმართება. სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო აუქციონი გასულ წელს საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის ინიციატივით დაწესდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















