|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა სპორტსმენებმა 2015 წელს 1 085 მედალი მოიპოვეს

ქუთაისის მერიის სამსახურების მიერ, გასული წლის ანგარიშის პრეზენტაცია გრძელდება. ამჯერად მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიში მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილებამ წარუდგინა.

როგორც სამსახურის უფროსის მოადგილემ, მანანა მანაგაძემ აღნიშნა, 2015 წელი  სპორტის მხრივ  ქალაქისათვის წარმატებული წელი იყო, წელს კი, პროგრამების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ქუთაისელ სპორტსმენთა წარმატებასა და მიღწევებზე საუბრობს ქალაქის მერიც. მისი განცხადებით, ქალაქში სპორტული ცხოვრება გამოცოცხლდა.                       

"2015 წელს ჩატარდა სპორტის სამსახურის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც  სპორტული მიღწევები იყო წარმოდგენილი. ვნახეთ, რომ გაიზარდა მოპოვებული მედლების რაოდენობა და დაახლოებით 1 085 მიაღწია და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ქალაქის ისტორიაში. გამოვავლინეთ წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც შემდგომ  საქართველოს მასშტაბით გახდა საუკეთესო. დღეს კი შევაჯამეთ ის ღონისძიებები, რომელიც სამსახურის მიერ განხორციელდა. ბევრი აქტივობა დაფიქსირდა და ქალაქში ნელ–ნელა სპორტული ცხოვრება გააქტიურდა",–განაცხადა შოთა მურღულიამ.

სპორტის განყოფილების ბიუჯეტი გასულ წელს 628 000 ლარს შეადგენდა, წელს კი 696 000 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა  პროექტების რაოდენობა, სხვადასხვა პროგრამულ  პროექტებთან ერთად წელს პირველად მოხდება მწვრთნელების დატრენინგება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი