"ენერგოსისტემის სასურველ მდგომარეობაში მოყვანა ტარიფის გახუთმაგებას გამოიწვევს"
ელექტროენერგიის გათიშვის სრულად აღმოფხვრა, ალბათ, უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდება,- განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ ქუთაისში 2016 წელს გაწეული მუშაობის შეჯამებისას.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2016 წელს 50,4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2017 წელს 65 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
,,ენერგო-პრო ჯორჯია" ევროპული კომპანიაა, რომელიც 5 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ბულგარეთში, ჩეხეთში, თურქეთსა და სლოვენიაში. საქართველოში ის მხოლოდ თბილისსა და კახეთში არაა შესული.
საქართველოში კომპანია 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურს ფლობს. დეკემბრის ბოლოს დასრულდა კომპანიის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც კომპანია გაიყო ორ ნაწილად, ელექტროსადგურები ცალკე კომპანიად გამოეყო.
კომპანიის გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, გასულ წელს კომპანიამ ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით რეკორდული შედეგი აჩვენა. მისი თქმით, ადგილზე გამომუშავებული იაფი ელექტროენერგიის საშუალებით ხდება არსებული ტარიფის შენარჩუნება.
რაც შეეხება ელექტრო ენერგიის მიწოდების წყვეტასა და ელექტროენერგიის ფასის შენარჩუნებას, მენეჯერის განცხადებით, ეს ორი საკითხი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ბოცვაძის განმარტებით, სისტემაში დიდი ოდენობით ინვესტიციის ჩადება, რაც უზრუნვეყოფს მის გამართულად მუშაობას, ფასის გაზრდას გამოიწვევს, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. სწორედ ამის გამო კომპანია მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავს იკავებს. აქედან გამომდინარე, კომპაანიის მენეჯერი პირობას ვერ დებს, რომ ელექტროენერგიის გათიშვებს ადგილი აღარ ექნება. "ქსელის სასურველ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა 900 მილიონი ლარი. ეს გამოიწვევს ტარიფის გახუთმაგებას. შესაბამისად, ეტაპ-ეტაპ 60 მილიონით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ",-აღნიშნა მან.
ელექტროენერგიის გათიშვა, ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომლის დაგეგმა რამდენიმე თვით ადრე ხდება და მათ შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას სისტემატურად მიეწოდება.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, 2017 წელს კომპანიის სადისტრიბუციო არეალის გამრიცხველიანების პროცესი დასრულდება.
,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 5 249 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა საშუალო თვიური ანაზღაურება 950 ლარს შეადგენს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















