|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება უნდა იყოს ჩვენი დაკვეთისა და ნების შემსრულებელი - დისკუსია ქუთაისში

პარტიები და მოქალაქეები: როგორ განვითარდება ადგილობრივი დემოკრატია ქუთაისში? - ეს გახლდათ სადისკუსიო თემა, რომელსაც მიეძღვნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო საჯარო დისკუსია.

შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ჩატარდა და მასში სამმა მომხსენებელმა - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის მრჩეველი იმერეთის რეგიონში, ხვიჩა ვაშაყმაძემ, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარმა, დავით სიჭინავამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იმერეთის რეგიონულმა კოორდინატორმა, თამარ ჭარბაძემ და მოდერატორმა, ქეთი ბერძენიშვილმა აღნიშნულ საკითხებზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც  ხელისუფლებას არაპირდაპირ, რეფერენდუმის, არჩევნების გზით ახორციელებს. ხალხის როლი და ნება, მართოს საკუთარი ქალაქი ან სოფელი ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუთითეს გამომსვლელებმა. თუმცა, ამ მართვის პროცესს ხელს უნდა უწყობდეს კანონმდებლობა.

შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა თვითმმართველობის ახალ კოდექსს, რომელიც "უფრო შევსებულად" შეფასდა, ვიდრე ჯერ კიდევ მოქმედი თვითმმარველობის შესახებ კანონი. 

თვითთმართველობის არჩევნები 2014-ის მნიშვნელოვან მონაპოვრად ჩაითვალა ის, რომ ბევრ ქალაქში მრავალი წლის შემდეგ პირველად ირჩევენ ქალაქის მერებს და სოფლებში გამგებლებს.

"ქუთაისში ცუდი გამოცდილება არსებობდა: ჩვენ გვყავდნენ ქალაქის მერები, რომელთაც ქოდნათ ადგილობრივი კონტაქტები, მიჯაჭვულობა, მაგრამ  არ ჰქონდათ ავტორიტეტი და კონტაქტები ცენტრალურ ხელისუფლებაში ან მათ ჰქონდათ კონტაქტები, გავლენა, კავშირები ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მაგრამ არ ჰქონდათ განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი ხალხის მიმართ და პარლამენტარების არ იყოს, ისინიც ჩემოდნებზე ისხდნენ," - აღნიშნა თამარ ჭარბაძემ. 

თვითმმართველობის რეფორმა იძლევა იმის საშუალებას ავირჩიოთ ის სუბიექტი, რომლის პროგრამაც არის საინტერესო და რეალობის შესაბამისი, აღინიშნა შეხვედრაზე.

"ხელისუფლება უნდა იყოს ჩვენი დაკვეთისა და ნების შემსრულებელი," - განაცხადეს მომხსენებლებმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მოქალაქეების აქტიურობის მნიშვნელობაზე, ასევე ქალი კანდიდატების ზრდის მაჩვენებელზე მაჟორიტარულ და პროპორციულ სიებში, რაც პროგრესულ ნაბიჯად ჩაითვალა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა