|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველთა ავარიული სახლები გადაიხურება

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოციალურად დაუცველების მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ აამუშავა.

ქუთაისში, საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების გამო, ღია ცის ქვეშ დარჩენის საშიშროების წინაშე მყოფი სოციალურად დაუცველები, პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებას წლების მანძილზე უშედეგოდ თხოვდნენ.

გადაუჭრელი პრობლემისა და მოქალაქეების აქტიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს, ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სახლის გადახურვისპროგრამის განხორციელება დაიწყო.

„წლებია უშედგოდ ვითხოვდი სახლის გადახურვას. წვიმიანი ამინდის დროს, ჩემს სახლშიც წვიმდა, მაგრამ ათასჯერ დაწერილი განცხადებების მიუხედავად არავინ მაქცევდა ყურადღებას. ახლა, როგორც იქნა მერიამ შექმნა პროგრამა, რომლითაც ჩემნაირ ადამიანებს დაეხმარებიან,“ - ამბობს ქუთაისში,კუპრაძის ქუჩა #10 - ში მცხოვები სოციალურად დაუცველი  ციალა ახალაძე.

„ღატაკი ოჯახების სტატუსის მქონეების ავარიული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროგრამა“ თვითმართველობის ბიუჯეტში მიმდინარე წელს გაჩნდა. კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებს სახლებს გადაუხურავენ, როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, მათი სარეიტინგო ქულაა.კერძოდ, პროგრამაში სოციალურად დაუცველთა ის ოჯახები მოხვდებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 არ აღემატება.

„ვთვლი სამართლიანი იყო მოქლაქეების პროტესტი გასულ წლებში, როცა მხოლოდ მაღალკორპუსიანი სახლების გადახურვა ხდებოდა და საკუთარ სახლებში მცხოვრებთა პრობლემა პრობლემად რჩებოდა. ეს საპილოტე პროგრამაა, რომლის განხორციელებაც ახლახან დავიწყეთ, მაგრამ უკვეძალიან ეფექტურად მუშაობს,“-ამბობს ქუთაისის მერიისსაბინაო კომუნალური მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვარლამ გობეჯიშვილი.

პროგრამის ბიუჯეტი 140 000 ლარითაა განსაზღვრული. აღნიშნული თანხიდან, როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში ირწმუნებიან, მიმდინარე წელს მოქალაქეებიდან შემოსული 40 განცხადებიდან 33 დაკმაყოფილებულია და მათი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები 2014 წლის ოქტომბრამდე ეტაპობრივად განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი სახლების გადახურვითი სამუშაოებისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 8 მაისს, 138 318 ლარზე გამოაცხადა. 2 ივნისს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ამაგი“ სამუშაოების განსახორციელებლად  108 801 ლარი მოითხოვა.

როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში განმარტავენ, პროექტიდან დარჩენილი თანხა ((31, 199 ლარი) სავარაუდოდ პროექტის მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს, ან რომელიმე სხვა პროექტის ბიუჯეტში გადავა.

 „უარი 7 განცხადებაზე, ძირითადად მოქალაქეებს იმ მიზეზით ეთქვა, რომ ზოგი ადგილზე არ იმყოფება, ზოგიც სარეიტინგო ქულას ვერ აკმაყოფილებდა. დანარჩენ ოჯახებში გადახურვის სამუშაოები დაიწყო, სამ ოჯახში უკვე დასრულდა კიდეც და მოქალაქეების ძალიან კმაყოფილები არიან,“ - ამბობს ქუთაისის მერიის საბინაო კომუნალური მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვარლამ გობეჯიშვილი.

პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთი სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომელიც  ხანძრის  შედეგად დაზიანდა, გასულ კვირას  შეაკეთეს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფერი ხარისხიანად გააკეთეს,“-ამბობს ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებისოციალურად დაუცველი ჯუმბერ ჯიმშელეიშვილი.

როგორც მერიაში განმარტავენ, „სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონეების საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროგრამაში“ მოსახვედრად,  უკვე 59  ახალი განცხადებაა შესული. პროგრამის მომდევნო ეტაპის განხორციელება კი მომავალ წელსაა დაგეგმილი.

ავტორი: ანა ჯანაშია