|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მგორავი ქვები საყდრისიდან"

საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტზე მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების შეჩერებისა და იქ არქეოლოგიური კვლევის გაგრძელების მოთხოვნით კულტურის სამინისტროსთან დღეს აქცია სახელწოდებით  "მგორავი ქვები საყდრისიდან"გაიმართება.

აქცია პერფორმანსის იდეა შემდეგია: აქციის მონაწილეები საყდრისიდან წამოღებულ ქვებს სამინისტროს შესასვლელთან დააწყობენ და სამინისტროს თანამშრომლებს შეახსენებენ თავიანთ პასუხისმგებლობას საყდრისის საკითხის მიმართ.

"საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს მნიშვნელობის ფალსიფიცირება და ერის იდენტობისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლის განადგურება ტვირთად ექცევათ ჩინოვნიკებს, ვინც საზოგადოებრივი ინტერესი ერთი ჯგუფის ფინანსურ ინტერესებს შესწირეს. ტვირთად რომელიც დიდხანს უნდა ზიდონ !

საყდრისის მგორავი ქვები არის სიმბოლო იმისა, რომ საყდრისის ისტორია დიდხანს გაგორდება ყველა იმ ჩინოვნიკის კარიერის კვალდაკვალ, რომლებმაც დანაშაულებრივ პროცესში მიიღეს მონაწილეობა. პირველ რიგში კი მიხეილ გიორგაძის, ალექსანდრე მარგიშვილის და ნიკოლოზ ანთიძის კვალდაკვალ!" - წერენ აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.

 

 კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. შედეგად   საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა. 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 აფეთქება საყდრისში დაგმო საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა-ილია მეორემ. ის ხელისუფლებისაგან  ამ ვანდალური აქტის ჩამდენთა დასჯას მოითხოვს:  "საყდრისთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყდრისი. ამას ამბობენ მეცნიერები, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო საქართველოში. ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს", -ბრძანა კათალიკოს პატრიარქმა.

საყდრისში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოციალური ქსელით გამოეხმაურა.  როგორც "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, საყდრისის ოქროს საბადოს , უძველესი ქართული კულტურული, ოქროს საწმისის ეპოქის ფასდაუდებელი მატერიალური ძეგლის ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართულ კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე.

"რუსი მფლობელების მოთხოვნას და ვინმე უჩას, ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ქვეყნისთვის სიმდიდრე და სახელი უნდა მოეტანა, მოეზიდა ტურისტები."-წერს ექსპრეზიდენტი.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა