|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარში გაცემული თითქმის ყველა სესხი ძვირდება

ლარში გაცემული თითქმის ყველა სესხი ძვირდება. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა.

საუბარია რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდაზე. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5%-ს შეადგენს.

„ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ ცვლილება შეეხება ლარში გაცემულ იმ სეხებს, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მისი თქმით, ასევე მოიმატებს საპროცენტო განაკვეთი ახალ სესხებზე და დეპოზიტებზეც.

რაც შეეხება პროგნოზს, გვასალია აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ არის დამოკიდებული. მისი თქმით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მაკროეკონომიკური პარამეტრები.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაიაც აცხადებს, რომ გაძვირდება მხოლოდ ლარში გაცემული სესხები, რადგან მათი პროცენტი მცოცავია, ხოლო დოლარში გაცემული სესხები ფიქსირებული პროცენტით არის და გაძვირება მათ არ შეეხებათ. მისივე განცხადებით, სესხები გაძვირდება იმდენით, რამდენითაც რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა.

ჯგერენაია აცხადებს, რომ გარდა სესხებზე განაკვეთის ზრდისა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნაღდი ფულის მიმოქცევაში შემცირებას გამოიწვევს, გაძვირდება ფული და აქედან გამომდინარე, ხელი შეეწყობა ლარის კურსის გამყარებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში" აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე საბაზრო განაკვეთის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შედეგად შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, ეკონომიკის დაკრედიტება და ფასების საერთო დონე. საბოლოოდ მოხდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება, რაც ლარის გაცვლით კურსს დროებით დაასტაბილურებს. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

„საზოგადოება და ბანკებში" აცხადებენ, რომ იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დროებით დასტაბილურება მაინც მოხდეს, ამ ეტაპისთვის, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო. მათი განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება.

„თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, როგორიცაა ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება"-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2111 იურიდიულ პირს აქვს.


წყარო: commersant.ge


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა