|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტერმინები - ჭკუასუსტობა" და "სულით ავადმყოფობა" კანონით უქმდება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.წ. ქმედუუნარობის ინსტიტუტი უქმდება. ამასთან, კანონებიდან ამოდის ისეთი ტერმინები და მასთან დაკავშირებული ნორმები, როგორიცაა "ჭკუასუსტობა" და "სულით ავადმყოფობა". მის ნაცვლად კი, ფსოქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ცნება – იგივე "მხარდაჭერის მიმღები პირის" სტატუსი შემოდის.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილია 67 კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დეპუტატმა თამარ კორძაიამ მოამზადა. პაკეტს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანდაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იხილავენ. 
ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უდევს საფუძველად. კერძოდ, 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეემუშავებინა და მიეღო საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ასევე გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის" მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს იქნა რატიფიცირებულ და ძალაში 2014 წლის 12 აპრილს შევიდა.
"საკონსტიტიციო სასამართლომ თქვა, რომ ქმედუუნაროდ პირის აღიარება ეს არის ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის დარღვევა. მან თქვა, რომ ამ ადამიანებს ქმედუუნაროდ აღიარებით თავისუფალი განვითარების უფლება ეზღუდებათ და თითოეული მათგანის პატივი და ღირსება ილახება. მან თქვა, რომ პირადი თავისულების აღკვეთას აქვს ადგილი, მაშინ როდესაც "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" კანონის თანახმად, ადამიანი შეიძლება სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების წინააღმდეგ განათავსონ. თქვა, რომ ქორწინების უფლება ილახება პირის ქმდუუნაროდ აღიარების შემთხვევაში და ილახება ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლება", - განაცხადა თამარ კორძაიამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პროექტის წარდგენისას. 
ცვლილებათა პაკეტით, კანონი მენტალური პრობლების მქონე ადამიანებს სამართალსუბიექტებად აღიარებს, ანუ ისინი არიან ქმდუნარიანები. როგორც ამასთან დაკავშირებით კორძაიამ განმარტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთაშორისო კონვენცია ამბობს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ ნებაც და უნარიც, უბრალოდ ჩვენ ვერ ვიგებთ მათ ნებას და არ ვეხმარებით უნარების გამომუშავებაში. 
კანონპროექტით შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, "მხარდაჭერის მიმღები" პირი ქმედუნარიან პირად ითვლება, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე, შეიძლება სასამართლოს მიერ დაენიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში დაეხმარება. კანონპროექტის თანახმად, განმარტებულია თუ რაში გამოიხატება მხარდაჭერა და რა ვალდებულებების აქვს მხარდამჭერ პირს. კერძოდ, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირის მხარდამჭერი მოვალეა თვალყური ადევნოს ასეთი პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, გამოიკვლიოს მისი სურვილები, არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერი ასევე ვალდებულია, სასამართლოს მიერ დადგენილი პერიოდულობით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით. 
კანონპროექტით შემოთავაზებულია "მხარდაჭერის მიმღები" პირის მიერ ქორწინების შემთხვევაში საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება, რომლის გაფორმების პროცესში სავალდებულოდ მონაწილეობენ მხარდამჭერი პირი (ანუ პირი, რომელიც სასამართლოს მიერ განისაზღვრა მხარდამჭერად) და მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. აქვე, კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომ იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს ასეთი პირის ქონებრივ უფლებებს, ვიდრე ეს სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაშია განსაზღვრული. 
კანონპროექტის თანახმად, მხარდამჭერს სასამართლო ნიშნავს, რომელიც ასევე განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს და მხადამჭერი პირის უფლება-მოვალეობებს. მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე ზედამხედველობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო განახორციელებს. აღნიშნული ორგანო ვალდებული იქნება ყოველ 6 თვეში ერთხელ გადაამოწმოს მხარდამჭერის საქმიანობა. თავის მხრივ, მხარდამჭერი პირიც ამავე პერიოდულობით ვალდებული იქნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაწოდოს ანგარიში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში საქმიანობის შესახებ. 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი