|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისური პარკირების "შავი ლაქები"

 ქუთაისში  „აქილევსის ქუსლად“ წოდებული პარკირების სისტემა ახალი ხელისუფლებისთვისაც დაუძლეველ გამოწვევად იქცა.  ჯერ კიდევ 2007 წელს დადებულ ხელშერულებას ვადა  31 თვის წინ გაუვიდა. შესაბამის კანონზე დაყრდნობით,  მერმა ახალი აუქციონის გამოცხადებამდე ხელშეკრულების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

 თუმცა ხელშეკრულებების უვადოდ გაგრძელების პრობლემის დაძლევის გზა ვერ აღმოჩნდა, ვინაიდან მოუწესრიგებელი  პარკირების გამო ქალაქის ამჟამინდელი მთავრობა უნიათობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. მეტიც,  ქალაქის პირველი პირის მისამართით სისხლისსამართლის ბრალდებაც არაერთხელ გაჟღერდა. შოთა მურღულია „შავი ფულის“ კეთებაში დაადანაშაულეს. რის არგუმენტადაც  მერის განცხადება მოჰყავდათ. შოთა მურღულია აღნიშნავდა, რომ მან იცის, სად მიდის უკანონოდ აკრებილი ფული, თუმცა კონკრეტული მისამართი არ დაასახელა.

 

2007 წელს  პარკირების ადგილები აუქციონის წესით რამდენიმე ლოტად გასხვისდა. გამარჯვებულ კომპანიებს კვადრატული ადგილის მიხედვით ფიქსირებული გადასახადი დაეკისრათ.

კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებს ვადა 2012 წლის ზაფხულზე გაუვიდა.  ვადაგადაცილების შესახებ პირველად ინფორმაცია კი 2013 წლის ზაფხულზე გაჟღერდა. როგორც იმჟამინდელი ხელმძღვანელობა აღნიშნავდა, ვადაგასული ხელშეკრულებები ძალადაკარგულად გამოცხადდებოდა,   მერია კი ახალ აუქციონს გამართავდა.

თუმცა შოთა მურღულიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიებს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვით აუქციონის გამოცხადებამდე ხელშეკრულება გაუგრძელდათ. აუქციონისთვის კი ახალი ხელშეკრულება მომზადდა. თუმცა, როგორც  აღნიშნავენ, მერიამ დაინტერესებული პირები ზედმეტი ვალდებულებებით დააფრთხო.

ერთ–ერთ მთავარ პრობლემას, პარკირებისთვის შერჩეული 274  ადგილის ერთ ლოტად გატანა ქმნის, რასაც მოსაკრებლის საფასურის 14–ჯერ გაზარდა ართულებს.

არსებული მოსაკრებელი – 50 000 ლარი,  700 000 ლარამდე გაზარდა. ხელშეკრულების თანახმად კი აუქციონში მონაწიელობის მისაღებად  ე.წ. ბიჯის –სახით 20 ათას ლარამდე თანხა წინასწარ არის შესატანი, რომელიც  იჯარის თანხაში, მხოლოდ 10 წლის შემდეგ ეთვლება, რასაც ყოველ კვარტალში  გადასახდელი ფიქსირებული თანხაა ემატება. ამავდროულად, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, შესაძენია ტრანსპორტი, მოსაწესრიგებელია კომპიუტერული მომსახურება, რისთვისაც შსს–ს მონაცემთა ბაზაში წვდომაა აუცილებელი, რის გარეშეც ჯარიმების ამოწერა შეუძლებელი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ბაზაში წვდომა,  მხოლოდ მაღალი დონის პროგრამისტებისთვისაა შესაძლებელი, აღნიშნული მომსახურება დიდ თანხებს უკავშირდება.

 

სწორედ აღნიშნულ მიზეზთა გამო, მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი პირველ ჯერზე ჩავარდა, ახლა კი  განმეორებითი აუქციონი გამოცხადება.

 

ახალი ხელშეკრულებით აღმასრულებელი ხელისუფლება დაინტერესებულ პირებს ზედმეტ ვალდებულებებს  რომ აკისრებს, ამას   საკრებულოს „ნაციონალი“დეპუტატი ბესიკ ბრეგაძეც აღნიშნავს და მერიას ხელშეკრულების გადახედვისკენ მოუწოდებს.

 

„არავინ დაობს, რომ პარკირების სისტემა არც წინა ხელისუფლების დროს იყო სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობდით და შევეცადეთ, ახალი ხელმძღვანელობისთვის  ჩვენი მოსაზრებები და შენიშვნები მიგვეწოდებინა. ვესაუბრეთ ვიცე–მერს, პოზიცია დავაფიქსირეთ საკრებულოს სხდომაზე, თუმცა უშედეგოდ. დაკისრებული  700 ათასი ლარის ამოღება, არა თუ დარჩენილ ცხრა თვეში, არამედ მთელი წლის განმავლობაშია შეუძლებელი.  ამიტომაც პირველად გამოცხადებული აუქციონი, მიუხედავად ბევრი დაინტერესებული პირისა, ჩაიშალა. ქუთაისის დონეზე ეს არის წარმოუდგენლად დიდი თანხა. კომპანიას ან თხოვნით, ან იძულების წესით მიატანინებენ ამ ფულს, სხვაგვარად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ,  ვიდრე მერია ფურცელომანიით არის დაკავებული, ადგილობრივი ბიუჯეტი უზარმაზარ თანხებს კარგავს.

რაც შეეხება შოთა მურღულიას მისამართით „შავი ფულის“ გამო გამოთქმულ ბრალდებებს, ნებისმიერ ბრალდებას სჭირდება დასაბუთება, მაგრამ იმის თქმა, რომ ქუთაისში ქაოტურად აკრებილი თანხები, სადღაც არამიზნობრივად მიდის, საფუძველს მოკლებული არაა.   დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის „შავი ფული“.

ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა, მერიას  აღნიშნული ადგილები არა ერთ, არამედ რამდენიმე ლოტად გამოეტანა, ასე გაცილებით ნაკლები პრობლემა შეიქმნებოდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი სტრატეგიული ობიექტი, გამოთქვამდა მზაობას საკუთარ ტერიტორიაზე მოეწყო პარკირება და ბიუჯეტში სოლიდური თანხაც შეეტანა“,–აღნიშნავს ბესიკ ბრეგაძე.

 

პარკირების ადგილების, რამდენიმე ლოტად გატანა გაცილებით მოსახერხებელი რომ არის, ადასტურებს 2007 წელს გამოცხადებული კონკურსის ერთ–ერთი გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი. როგორც „ პარკინგ ჰოლდინგის“ დირექტორი გოდერძი ქასრაშვილი აღნიშნავს, კომპანია, რომელიც აუქციონით გამოცხადებულ პირობებს დათანხმდება, მოკლე დროში საქმიანობას გაკოტრებით დაასრულებს.


 

„ქალაქის მერიას, რომ არ გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებები და არ გაეგრძელებინა პარკირების მომსახურების  ვადა, ბიუჯეტი  ორწელიწად ნახევარში, მხოლოდ ჩემი წარმოებიდან (14 ქუჩა) 90 ათას ლარზე მეტს დაკარგავდა. მეტსაც გეტყვით,  ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2007 წელს კონკურსზე ვერ გაიტანეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქუჩები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ  2010–2011 წლებში მივმართე მერიას, როგორც კონკურსში გამარჯვებული და ამ საქმიანობაზე სერთიფიცერებული საწარმო, იჯარით გადმოეცათ ეს ადგილები, რაზედაც უარი მივიღე. შედეგად დღეს მოქალაქეები თვითნებურად დაეპატრონენ აღნიშნულ ტერიტორიებს. მაშინ ვინ იყო მერი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ანალოგიური თხოვნით დღესაც, რომ მივმართო მერიას, იმის შიშით , რომ არაფერი დააბრალონ, წინასწარ ვიცი,  უარს მივიღებ. სანამ ეს დამოკიდებულება იქნება, სამწუხაროდ  ყოველთვის  ბიუჯეტი დაზარალდება. არადა,  ქუთაისში უკანონო პარკირების ადგილი ბევრად მეტია, ვიდრე კანონიერად გაცემული.

რაც შეეხება ახალ აუქციონს, დღეს მე ბევრი მეკითხება,  მიიღოს თუ არა მასში მონაწილეობა? თავს ვალდებულად ვთვლი, როგორც ამ საქმის მცოდნემ დაინტერესებული მხარე გავაფრთხილო, თუ ანგარიშზე მინიმუმ ნახევარი მილიონი ლარი არ აქვს,  ამ საქმეს ხელს ნუ მოკიდებს. ვინაიდან მოკლე პერიოდში მძიმე შედეგებით დამთავრებს.

სხვა ვალდებულებებთან ერთად, აღარაფერს ვამბობ ჩვენს ქალაქში მოქალაქების დაჯარიმებით მიღებულ შედეგებზე. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში  „სითი პარკი“ ყოველდღიურად აგებს სასამართლო დავებს, წარმოება მიდის გაკოტრებისკენ, შესაბამისად, ეს მოდელი ვერ ქუთაისში იმუშავებს.

მეწარმე, რომ დაინტერესდეს და პარკირების მომსახურებას ხელი მოკიდოს (პირადად, არავითარი სურვილი არ მაქვს) და ის იყოს მისთვის მომგებიანი ბიზნესი, მოახერხოს, დაასაქმოს  თანამოქალაქეები  და მისცეს ნორმალური ხელფასი, წლიური საიჯარო გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 200 ათას ლარს, 700 ათასი ლარი არარეალურია. ან ეს ადგილები უნდა დაიყოს და რამდენიმე ლოტებად გაიცეს. მოხდეს კონკურენცია,  ვინ უკეთ მოემსახურება ქალაქს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჯარიმების გარეშე უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის.

 აქვე დავამატებ, რომ  მიუხედავად შენიშვნებისა, კარგია,  მერმა ძველ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება, რომ  არ შეუჩერა. რადგან ბიუჯეტი ამით მეტად დაზარალდებოდა, ვიდრე დღეს“,–აღნიშნავს გოდერძი ქასრაშვილი.

ქასრაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს უკანონო პარკირებებზე აკრებილი თანხები მერიაში მიდის და აღნიშნავს, რომ  მოქალაქეები თვითნებურად აკრებილ თანხებს  თავად იტოვებენ.

 

ქასრაშვილის განცხადების საპირისპიროს ამტკიცებენ მოქალაქეები, რომლებიც მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლებისგან პარკირების თანხას კრებენ. მათი თქმით,  დღეში მხოლოდ 3–დან 5 ლარამდე რჩებათ, დანარჩენ თანხას კი მერიის სახელით მისულ პიროვნებას აბარებენ.

 

ვადაგასული ხელშეკრულებებისა და თვითნებურად მოწყობილი პარკირებების გამო ადგილობრივი ბიუჯეტი სოლიდური თანხით, რომ ზარალდება, ამას  ადასტურებს ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე. ის თავის მხრივ, უკანონოდ აკრებილ თანხებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირებს. მისივე განმარტებით,  აღნიშნული თემით, ის ადამიანები სპეკულირებენ, რომელთა მიერაც არის ხელშეკრულებები გაფორმებული და რომელთაც  უკეთ იციან, სად მიდის პარკირების შედეგად აკრებილი სოლიდური თანხა.

 

„ამ თემით აპელირებენ ადამიანები, რომელთაც პარკირების რეგულირება არ სჭირდებათ. ხელშეკრულებები მათ მიერ გაფორმდა და უკეთ იციან, სად მიდის ეს თანხა? მართალია, რომ ბიუჯეტში მწირი თანხა შედის, წლის განმავლობაში მხოლოდ 50 000 ლარი და არ ნიშნავს, რომ ეს თანხები მთლიანად დეკლარირებული შეიძლება იყოს. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს თვითნებურად აკრებილი თანხების უკან ქალაქის ამჟამინდელი ხელშეკრულება დგას,  არგუმენტს მოკლებულიაა“, – აღნიშნავს ვიცე–მერი.

 

კონსტანტინე ქავთარაძე აუქციონის მეორედ ჩაშლის საფრთხეს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ ღირებულების თანხა არავითარ შემთვევაში არ განახევრდება და არც სუბიექტივიზმის თემებს ექნება ადგილი.მისივე განმარტებით, საწყისი ფასი არის რენტაბელური, რასაც კერძო სუბიექტის მხრიდან საქმიანობის წარმატებით განხროციელება, მეორეს მხრივ კი, ქალაქში არსებული პარკირების მოწესრიგება მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობაში ქონების განკარგვის ახალმა რეგულაციამ  მერიას პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე, ექსპერტის მიერ მიწის ღირებულების შეფასება დაავალა. რამაც აუქციონის პირვანდელი მოსაკრებლის 40 000 ათასი ლარით შემცირება გამოიწვია, აღნიშნულ თანხაში საწყისი ბიჯი 20 000 ლარი შედის. გასულ კვირაში  ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საიტზე გამოცხადაა ახალი აუქციონი 660 000 ლარის ღირებულებით, რომლის ვადაც 20 აპრილს იწურება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა