|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითნებური ნაგავსაყრელები ქუთაისში


სტატუსები: ,,საპარლამენტო, საუნივერსიტეტო და სუფთა“ ქალაქი, ნამდვილად კარგად რომ  ჟღერს, ამაზე განსხვავებული გემოვნების მიუხედავად, არავინ დავობს. თუმცა სადავოა, რამდენად ამართლებს საპატიო სტატუსებს ქუთაისი და ვინ არის დამნაშავე იმ რეალობაში, რაც ხშირად მიმზიდველ სტატუსებს სრულიად ემიჯნება. მტყუან-მართალის ძიების კვალდაკვალ, ფაქტად რჩება ის გარემოებაც, რომ ხშირად მოქალაქეების დაბალი თვითშეგნება გარემოს დაბინძურების უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ,,აუღებელ ციხესიმაგრედ“ წოდებული ნიკეას ნაგავსაყრელის  ქალაქიდან გადატანა ეტაპობრივად ხდება,  ცენტრალურ უბნებსა თუ პერიფერიებში კომპაქტური ნაგავსაყრელები დღემდე ,,იწონებენ თავს“.  მსგავსი ხედი იშლება ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრობლემაზე საუბრობენ სამოქალაქო და საჯარო პირები,  თუმცა დამნაშავის დადგენაში ვერ თანხმდებიან. ადგილობრივები ოფიციალური სტრუქტურების არაეფექტურ ზრუნვაზე საუბრობენ,  საჯარო მოხელეები კი პრობლემას   დაბალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით ხსნიან.

აიპი „სპეციალური სერვისების“ გენერალური დირექტორი  გელა გაგუა პრობლემას კომპაქტურ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით, გლობალურ შეფასებას აძლევს.  მისი განცხადებით, ეს პრობლემა მთელი საქართველოს მასშტაბით არის.

,,სპონტანური ნაგავსაყრელები ქუთაისის პარალელურად მთელს სააქართველოში არსებობს, კიდევ უფრო რთული მდგომარეობა არის სოფლებში, სადაც ურნები არ დგას. ჩვენ ქუთაისის მაგალითზე მაქსიმუმს ვაკეთებთ. ამ  ფიზიკური და ტექნიკური რესურსის პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელია. ვმუშაობთ სამოქმედო გეგმის მიხედვით და ვაკეთებთ იმასაც, რაც არ გვეკუთვნის. მაგალითად, არ გვევალება, მაგრამ უახლოეს დღეებში ვაპირებთ ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარეს არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები გავწმინდოთ, რადგან მართლაც უხერხულია. თუმცა ამ კონკრეტულ პრობლემასაც საზოგადოებრივ თვითშეგნებამდე  მივყავართ.  იქ ძირითადად  საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია, რომელსაც მოიხმარნენ და იქვე მოხერხებულად იშორებენ თავიდან. თეატრის უკან პატარა ურნა დავდგით და ნაცვლად იმისა, ქალაქის სისუფთავისთვის გამოეყენებინათ–მოიპარეს. ყველა სპონტანური ნაგავსაყრელი ადამიანების კულტურამდე გადის.“

დაბინძურებულ ადგილს არც თუ იშვიათად შეხვდებით ქუჩებში. ერთ–ერთი ასეთი ადგილი ჭავჭავაძის 6 ნომერშია. პრობლემა მოქალაქეების თვითშეგნებასთან ერთად დანიშნულებადაკარგულ სათავსოებს უკავშირდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 90-იანი წლების შემდეგ შენობები ნაგრევებად,  ქვეწარმავლების და მღრღნელების თავშესაფრებად იქცა. სათავსოების  ადგილი კი დღეს თვითნებურ ნაგავსაყრელს წარმოადგენენ.

 „სათავსოები უკვე წლებია ჩამოშლილია და ნანგრევებად არის ქცეული, მდგომარეობა მძიმე განსაკუთრებით ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის დროსაა. ნარჩენების სპეციფიური სუნი დგას. აქვეა სტადიონიც, სადაც ბავშვები თამაშობენ. ძვრებიან ამ დანგრეულ  შენობაში.  გვეშინია  ჩამოშლილი სათავსოების შიგნით არ მოყვნენ. ქალაქის მერიც იყო მოსული ჩვენთან წინასაარჩევნოდ, დახმარების პირობაც მოგვცა, მაგრამ მას შემდეგ არც თვითონ გვინახავს და არც სხვა წარომადგენელი მოსულა“,- ამბობს  მოქალაქე გელა ებანოიძე.

ჭავჭავაძის 6 ნომერში არსებულ პრობლემაზე „ნიუპრესი“  მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ბაქარ ჭეიშვილს ესაუბრა.  ჭეიშვილი  წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებას,  ისევე როგორც ადგილზე არსებულ ანტისანიტარიას და სარდაფების ჩამონგრევის საშიშროებას ადასტურებს.  ამ დრომდე რეაგირების გარეშე დარჩენას კი შემდეგნაირად ხსნის: ,,არსებული პრობლემის თაობაზე ჩვენთვის დღემდე  წერილობით არავის მოუმართვას.  უნდა დაწერონ განცხადება იმის თაობაზე,  სურთ თუ არა ავარიული სარდაფების დემონტაჟი, ამის შემდეგ მოხდება რეაგირება და ადგილიც დასუთავდება“

აიპი „სპეციალური სერვისების“  სამსახურის მიმდინარე წლის ბიუჯეტი კი  3 მილიონ 800 ათასს შეადგენს. „სუფთა ქალაქში“ კი გადაბრალების პოლიტიკის პირობებში   თვითნებური ნაგავსაყრელების პრობლემა  უცვლელი რჩება.

ავტორი: ეკა შალამბერიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა