|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ივანიშვილის კომპანიები – თანამდებობის პირების სამჭედლო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირები ან მათი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურის წამყვან თანამდებობებზე დაინიშვნისა და არჩევის ანგარიშს აქვეყნებს. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზის თანახმად, სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში, მათ შორის 6 პოლიტიკური თანამდებობის პირია. ორგანიცაზიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია არ ამტკიცებს,რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ ან აირჩნენ თანამდებობებზე, თუმცა ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომელთა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე გადანაცვლება საჯარო სამსახურში ეჭვქვეშ აყენებს საჯარო მოხელეთა შერჩევის მერიტოკრატიულ პრინციპს და კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ.

გარდა 38 თანამდებობის პირისა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში, 14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი. ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირები პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს წამყვან რგოლში დასაქმდნენ. მაგალითად,

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფონდ ქართუს თავმჯდომარე, შპს ქართული ოცნების დირექტორი და სს ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო;

 ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც, როგორც გუშინ, 21 აპრილს გახდა ცნობილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს, ბანკი ქართუს და ქართუ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო;

 შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში მუშაობდა;

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სს ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა,

 მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი შპს ელიტა ბურჯის მძღოლი იყო;

 საჩხერის უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე კი ასოციაცია ატუში ოსტატის პოზიციას იკავებდა.

შედარებისათვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაითვალა მსგავსი სექტორის კომპანიებიდან საჯარო სექტორში წასული თანამდებობის პირების ოდენობა.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებში დასაქმებული ცალკეული პირები ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ პოლიტიკური ცხოვრების დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო ბატალიებში. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭს იყრიდა.

კვლევა სხვადასხვა სტუქტურების მიხედვით ჩატარდა.  აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ფაქტები ადგილობრივ  თვითმმართველობებსა და გუბერნიებში, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში ჩატარდა. 

 

ვრცლად. transparency.ge

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი