|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

151 ათას ლარად გაყიდული „ჰაერი“ და ჰაერში დარჩენილი „მასწავლებელთა სახლი“ ქუთაისში

ქუთაისში, ცისფერყანწელთა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მდებარე შენობა დღემდე იმ მდგომარეობაშია, როგორადაც 2009 წლის ხანძრის შედეგად დარჩა. ნანგრევებად ქცეული „მასწავლებელთა სახლი“ გამვლელებისთვის ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს.

 ქუთაისის მერიამ გასულ  წელს შენობა ელექტრონული ტენდერით გასხვისა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შენობის პირველი სართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანოა „აია“–ს პრეზიდენტის საკუთრებაშია. ზედა სართულები კი ამ დროისთვის მხოლოდ სვეტებად დარჩენილ კედლებს წარმოადგენს.

როგორც კულუარებში საუბრობენ, „მასწავლებელთა სახლის“ გაყიდვას საკუთარ მიღწევად მიიჩნევს  შოთა მურღულია, ასევე საუბრობენ, რომ ქალაქის პირველ პირს  „ჰაერის“ გაყიდვის გამო არაერთხელ „დაუტრაბახია“. შენობა, რომელის წლების მანძილზე ინტერესს იწვევდა,  თბილისურმა კომპანიამ 151 000 ლარად შეიძინა. თუ ახალ მფლობელს დავუჯერებთ, ის კარგი „შეფუთვის“ მსხვერპლი  გახდა, რადგან   ფოტოზე შენობა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში გამოიყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში არის.  აღნიშნავს  „ბუტაფორიული“ მეორე და მესამე სართულების ახალი მფლობელი რამაზ სოფრომაძე, „ახალ გაზეთთან“ საუბარში.   „რომ მენახა  შენობა,  შეიძლება არც მეყიდა. აუქციონზე კარგად ჩანდა და მომეწონა. ვნახე, რომ ცუდ მდგომარეობაშია. თანამფლობელიც ჰყავს. თუ მოვახერხებთ მასთან შეთანხმებას,  სასტუმროს ავაშენებთ, თუ არა ესთეტიკური მედიცინის ცენტრს გავაკეთებთ. პირობის მიხედვით,   შენობა 2016 წელს უნდა დავასრულოთ. ამ წელიწად ნახევარში მშენებლობას დავასრულებთ, გარე იერ–სახეს მოვაწყობთ და მერე გადავწყვეტთ,  რა იქნება. ახლა შენობაში არსებული ნარჩენების  გატანას ვახდენთ, რაც დიდ სამუშაოებთან არის დაკავშირებული“–აცხადებს რამაზ სოფრომაძე.

განსაკუთრებული  „მოხერხებულობით“ გაყიდული შენობა, განსაკუთრებული პირობებითაც გასხვისდა: ვინაიდან ყოფილი „მასწავლებელთა სახლი“  ქუთაისის ისტორიულ ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში შეტანილ შენობათა 50 -იან არეალში მდებარეობს, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოფილი მასწავლებელთა სახლის 582. 91 კვ.მ ფართზე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და მშენებლობაკულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს. სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ 2016 წლის ბოლომდე უნდა დაარულოს. მყიდველმა ქონების საკუთრებაში გადაცემიდან 6 თვეში უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ამორტიზირებული შენობის მიმდებარე ტროტუარებზე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების სრული დაცვით.

როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია,  კომპანია „HP“  ბაღდათის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. ასეევე გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ადვოკატირებას იურისტი ვახტანგ ჯავახია უწევდა. ადგილმდებარეობისა და გვარის გამო გამარჯვებულ კომპანიასთან მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ზვიად  ჯავახიას მოიაზრებდნენ.  ერთმანეთთან კავშირს ორივე მხარე უარყოფს,  თუმცა  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვახტანგ ჯავახიასთან ნათესაობას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ არ იცის ვინ არის კომპანიის უფროსი.

„მართალია, ვახტანგ ჯავახია ჩემი გარებიძაშვილია. ის არის ადვოკატი და გამორიცხული არაა, ამ გამარჯვებული კომპანიის ადვოკატიც იყოს. მე სხვა კავშირი არ მაქვს  და ისიც არ ვიცი, ვინაა კომპანიის მფლობელი, თქვენ თუ მეტყვით, კარგი იქნება“.

შენობა გასულ წლამდე ეკონომიკის სამინისტროს საკუთებაში იყო, რის შემდეგაც ქუთაისის მერიას გადაეცა. როგორც აღვნიშნეთ, შენობის პირველი სართული  ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანიააია“- პრეზიდენტამბერკ დვალიშვილს ეკუთვნის.  დვალიშვილი გასულ წლებში არ მალავდა, რომ   წინა ხელისუფლებას შენობის პირველი სართულის გადახურვის ნებართვით მიმართავდა, მაგრამ,   უშედეგოდ, თუმცა მერიას  შენობის ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილების შესახებ არასოდეს განუცხადებია და არც ამ მიზეზით უთქვამთ უარი.

დვალიშვილი ადასტურებს, რომ ის შენობის  გასხვისების გამო პრეტენზიები არ ჰქონია. სურს ახალ მფლობელთან ერთად მისი კუთვნილი ფართი მოაწყოს, თუმცა გამარჯვებული კომპანიის გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.  „შენობის პირველი სართული ისევ ჩემს საკუთრებაშია. არ ვიცი, ახალი მფლობელი რას აპირებს, მაგრამ ვეცდები,  შევთანხმდეთ და შენობის რეაბილიტაცია მოვახდინოთ“–აღნიშნავს დვალიშვილი.


რა ვითარებაში დაიწვა შენობა და მოხდა თუ არა საბუთების თაღლითურად გაყალბება?


„მასწავლებელთა სახლის“ დაწვა ქუთაისში გახშირებული ხანძრების პერიოდს უკავშირდება. ამ პერიოდში არაერთი შენობა დაიწვა, მათ შორის ცენტრალურ მოედანზე არსებული ბანკის შენობა.  როგორც მაშინ ქალაქში აღნიშნავდნენ, სასურველი შენობის ხელში ჩასაგდებად ხანძარი კარგად აპრობირებული მეთოდი იყო.

რაც შეეხება უშუალოდ შენობას, განსაკუთრებული იერ–სახის გამო კულტურულ ძეგლს წარმოადგენდა, სადაც  „მასწავლებელთა სახლი“ მეოცე საუკუნის 20–იანი წლებიდან ფუნქციონირებდა. ორგანიზაცია განათლების პროფკავშირების უწყებაში ირიცხებოდა, მისი გასხვისების უფლება კი მხოლოდ „მასწავლებელთა სახლის“ დირექციას ჰქონდა. როგორც სახლის დირექტორი მარიკა მარუაშვილი ჩვენთან საუბარში იხსენებს,  შენობა ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა და ამის მინიშნებაც ხდებოდა.  მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ მიგზავნილი პიროვნებები აწუხებდნენ და შენობის დათმობას ურჩევნდნენ. სწორედ ამ წინაპირობის გამო მარუაშვილს ხანძრის გაჩენის ოფიციალური ვერსიის ამ დრომდე არ სჯერა და მას მავანთა პირად ინტერესებს უკავშირებს.

 „მასწავლებელთა სახლი“ იყო დამოუკიდებლები, მაგრამ  განათლების პროფკავშირების უწყებაში ვირიცხებოდით და ყველა გადასახადს თბილისში ვიხდიდით. იმ დროისთვის 42000 წიგნი იყო ჩვენს ბიბლიოთეკაში, 800 მოსწავლე გვყავდა და მრავალი საგნობრივი თუ მხატვრული წრე გვქონდა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი წარმატებული საქმიანობისა, ხშირად იყო შემოტევები იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.  მოდიოდნენ, შენობას ათვალიერებდნენერთ დღესაც მაშინდელი ვიცე-მერის გამოგზავნილი პირები მოვიდნენ და გამომოცხადეს, რომ ჩვენი შენობით თურქები იყვნენ დაინტერესებული და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გაკეთებას გეგმავდნენ, შევუთვალე, რომ „მასწავლებელთა სახლი“ არ იყიდებოდა. ამის შემდეგ უცნობი პიროვნებები მოვიდნენ და მითხრეს: სხვენი უნდა შევამოწმოთ, ხანძრის გაჩენის საშიშროება ხომ არ აროსო? ეტყობა, მაშინ შეათვალიერეს და მოიფიქრეს, როგორ შეძლებოდა ცეცხლის გაჩენა. გამორიცხულია, ხანძარი გაყვანილობით გაჩენილიყო, ვინაიდან მთლიანი გაყვანილობა რკინის მილებში იყო დაცული“, –აღნიშნავს მარუაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ შენობის გასხვისება მხოლოდ დირექტორს შეეძლო,  „მასწავლებელთა სახლი“ ახალი საბუთებით, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მარუაშვილი საბუთების გაყალბებაზეც საუბრობს. მისი თქმით, 2008 წლის ნოემბერში მას ქონების მართვის სააგენტოდან მიაკითხეს და საბუთების ასლი გამოართვეს.  შენობის დაწვის შემდეგ კი, საბუთების ასლის გამოსათხოვად საჯარო რეესტრში მისულმა,  აღმოაჩინა, რომ შენობა მათ საკუთრებაში აღარ იყო. 2008 წლის 29 მარტს გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, „მასწავლებელთა სახლისახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.

 

შენობაში ამავდროულად საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირ ფუნქციონირებდა.  პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისპრეზიდენტ მაია კობახიძე წლების წინ აღნიშნავდა, რომ ორგანიზაციამ  წინა ხელისუფლების პერიოდში, უმძიმესი კრიზისი გადაიტანა და მათ ბალანსზე არსებული შენობების, მათ „შორის მასწავლებელთა სახლის“ სრულად დაცვა ვერ შეძლო.

ხანძრის ოფიცალურ ვერსიას არ ეთანხმებოდა შენობის პირველი სართულის მფლობელი ამბერკი დვალიშვილიც.

მიუხედავად მიღებული დიდი დანაკლისისა მარიკა მარუაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი ტრაგედია არა შენობა,  ან რომელიმე ნივთი,  არამედ დარაჯი ოთარ გაბრიაძეა, რომელიც ხანძარს ემსხვერპლა.

ჩვევად მქონდა, შენობიდან გასვლის წინ ყველაფერი შემემოწმებინა, ჩართული რომ არაფერი დარჩენილიყო. იმ დღესაც ასე მოხდა. დილით დამირეკეს და ხანძრის შესახებ მაცნობეს, მაშინვე მოვედი. უამრავი ხალხი იყო  შეკრებილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ მოსულნი. ცეცხლს კი ერთი სახანძრო ებრძოდა. იმჟამინდელმა მერმა მითხრა, რომ სახანძროები საჩხერიდან და ხონიდან მოდიოდნენ. როგორ მოასწრებდნენ ეს მანქანები? სანამ ცეცხლი მთელ შენობას მოედებოდა, შეგვეძლო, რაღაცეები  გადაგვერჩინა, მაგრამ უფლება არ მოგვცეს. შემდეგ კი ყველაფერი გაიტანეს. მათ შორის - ცეცხლგამძლე სეიფები. გამოძიებამაც დაადგინა, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან არ გაჩენილა. ყველაზე დიდი დანაკარგი ოთარი იყო. შენობასთან მოსვლისას, პირველ რიგში, ჩვენი დარაჯი მოვიკითხე, რაზედაც ქალაქის მერმა მიპასუხა, რომ დარაჯი თურმე ბიძაშვილს გაჰყოლიაო, მხოლოდ მეორე დღეს გავიგე მისი დაწვის ამბავ.“

საქმეზე სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობდა, მარიკა მარუაშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს პროცესი დასრულებული არც იყოს. მიუხედავად ამისა,  შენობის გასხვისება მაინც მოხდა. მისივე განცხადებით, მას ბრძოლის და შენობის დაბრუნების ძალა აღარ შესწევს.  ამბობს, რომ შენობა „მასწავლებელთა სახლის“ გარეშე მისთვის არაფერს წარმოადგენს.

ამ დროისთვის, შენობა ფეხით მოსიარულეთა დასაცავად მხოლოდ ფიცრებით შემოიღობა. ხელშეკრულების თანახმად,  მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულდეს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი