|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოუცხადებენ თუ არა ხელახალ ნდობას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას?

თანამდებობიდან წასული სამი მინისტრი და მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი და დაუჭერს თუ არა მის მიერ წარდგენილ ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს პარლამენტი? უმცირესობის და უმრავლესობის შეფასებებს დღეს ,,ნიუპრესი“ არკვევდა.

   საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, იმისათვის, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხელახალი ნდობის გამოცხადებისთვის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა მოხვდეს, ვაკანტურად დარჩენილი მინისტრის სამი თანამდებობა ჯერ პრემიერ მინისტრმა უნდა შეავსოს, ხოლო 1/3 ით განახლებული კაბინეტის ახალი შემადგენლობა, განახლებიდან ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტმა დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს პარლამენტს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 7 დღე აქვთ იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხელახალი ნდობა გამოუცხადონ. აღნიშნულისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სიითი შემადგენლობის 75 ხმა არის საჭირო.

     მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხს, სხვაგვარად განმარტავს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა არა პრემიერ მინისტრმა, არამედ პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდეგ.

   ,,მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უმრავლესობასთნ კონსულტაციის შემდეგ, პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. ძალიან საინტერესოა, თუ ვის წარმოადგენს პრეზიდენტი, თუმცაღა ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას მიიღების ბიძინა ივანიშვილი და არავინ სხვა.  ვნახოთ პრეზიდენტი შეძლებს თუ არა თავისი პოზიციის დაფიქსირებას“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

   გოგორიშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანშვილის პოლიტიკა მთავრობასთან მიმართებაში კვლავაც უცვლელი დარჩება. მისივე განმარტებით,  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

   ,,მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის შეხედულება მთავრობასთან მიმართებაში არ შეიცვლება ის ისევ იქნება კლანური და ნეპოტისტური გადაწყვეტილებების მომხრე. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“  ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს,“ - აცხადებს გოგორიშვილი.

    ,,ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, მთავრობის ახალ შემდგენლობაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე საუბრობენ  ,,თავისუფალ დემოკრატებშიც. ნინო გოგუაძის განცხადებით,  ის იგივე  პრემიერ-მინისტრის მეთაურობით იმავე მთავრობას წარუდგენს პარლამენტს.

   ,,დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას მთავრობა აღარ ყავს, რადგან უკვე შვიდი მინისტრი შეიცვალა. დღეს უკვე სახეზეა ის რეალური კრიზისი, რომელზეც, ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები“ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. სამწუხაროა ის, რომ უმრავლესობა და მთავრობა ემორჩილება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ადამიანი უმოკლეს დროში იგივე მთვარობას და იგივე პრემიერს წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. მორჩილი უმრავლესობა კი იგივე შემადგენლობას დაამტკიცებს,“ - აცხადებს გოგუაძე.

    მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური და დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.

   ,,მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება, ეს არის ჩევენს მიერ კონსტიტუციაში  დაბრუნებული ნორმა, რომლის მიხედვითაც,  მთვარობის 1/3-ის შეცვლის შემთხვევაში,  მთავრობა ვალდებულია ისევ პარლამენტისგან აიღოს ნდობა. ეს არის ინსტიტუციებს შორის ურთიერთმიმართების შესანიშნავი, კონსტიტუციური და კლასიკური მაგალითი,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

    როდის იქნება პარლამენტის წინაშე წარსადგენად მზად მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა