|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას წერს უცხოური მედია მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნას უცხოური მედია ეხმაურება. ბრიტანული გამოცემა Iნდეპენდენტ აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას განიხილავენ, რუსეთთან დაძაბულობის ზრდისა და ვლადიმერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევად. 
"სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა ასევე საკამათოა, რადგან საქართველოს ყოფილ ლიდერს სამშობლოში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, უკრაინამ კი უარი თქვა მის ექსტრადირებაზე", - წერს ბრიტანული გამოცემა. 
Independent-ს აღნიშნულ სტატიაში ასევე მოჰყავს Eurasia Group-ის პრეზიდენტისა და დამფუძნებლის, იან ბრემერის შეფასება, რომელიც მან "ტვიტერში" გაავრცელა. როგორც იან ბრემერი წერს, საქართველოს ექსპრეზიდენტის გუბერნატორობა პუტინის პროვოცირება იქნება და უკრაინაში არსებული ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს უკრაინის ხელისუფლების ამ ნაბიჯით. 
მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობას სტატიას უძღვნის ბრიტანული "გარდიანი", რომელიც აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან გადასახლებული პროდასავლელი ლიდერი, რომელმაც რუსეთთან იომა, იღებს მმართველობას უკრაინის სტრატეგიულ რეგიონზე, სადაც მოსკოვმა შესაძლოა არეულობა სცადოს. 
"ექსცენტრული სააკაშვილის სამხრეთ რეგიონის თავკაცად დანიშვნა, რომელმაც საკამათო განცხადებები გამოიწვია, მწვავე სიგნალია მოსკოვისთვის, რომ კიევი ინარჩუნებს პროევროპულ კურსს, სეპარატისტებთან სისხლიანი კონფლიქტის მიუხედავად", - წერს "გარდიანი". 
ბრიტანული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტობისას, რეფორმატორი სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლების მთავარ მტრად იქცა, როდესაც მისი პატარა სამშობლო მოსკოვის ორბიტას მოწყვიტა და დასავლეთს დაუახლოვა. 
"უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად მოულოდნელი დანიშვნა და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება, ომითა და რეცესიით განადგურებულ ქვეყანაში რეგიონალური რეფორმების დაჩქარების გატარების მცდელობაა", - წერს The Financial Times. 
ბრიტანული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მზარდმა გავლენამ შესაძლოა რუსეთთან კიევის ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავოს. "საქართველოს პრეზიდენტობისას ვლადიმერ პუტინს ეკალივით ესობოდა, პრეზიდენტობის შემდეგ კი პუტინის კიდევ უფრო მამხილებელი კრიტიკოსი გახდა. მიხეილ სააკაშვლი დაბრუნდა - ახალ ქვეყანაში, ახალი როლით, რომელიც საეჭვოა, რუსეთის ლიდერს ესიამოვნოს", - წერს "სი-ენ-ენი". 
მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას ეხმაურება "ბი-ბი-სიც". როგორც "ბი-ბი-სის" ჟურნალისტი დევიდ სტერნი წერს, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად მოულოდნელმა დანიშვნამ პოლიტიკური მიმომხილველებიც კი გააოგნა. "სააკაშვილი პოლიტიკური აუტსაიდერია, რომელსაც ცოტა რამ აკავშირებს ოდესის რეგიონთან, ვისაც საკამათო რეპუტაცია აქვს. მაგრამ ამავდროულად ის პროდასავლური, პრორეფორმისტი და ძალიან ლოიალურია ბატონ პროშენკოსადმი. სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა შესაძლოა პოროშენკოს გენიალური ნაბიჯი აღმოჩნდეს ან დიდი მასშტაბის უხეში შეცდომა", - ნათქვამია "ბი-ბი-სის" სტატიაში. 
დევიდ სტერნი ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების განზრახვა დროთა განმავლობაში გამოჩნდება, თუმცა ახლა უამრავი ადამიანი დღეს იბრძვის იმისთვის, რომ გაარკვიოს, რა სტრატეგია უდევს საფუძვლად პეტრო პოროშენკოს ამ გადაწყვეტილებას. 


ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი