|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სარკმელი, რომელიც ორ სამყაროს ჰყოფს

  რამდენიმე წლის წინ, ყოფილი საპროექტო ქარხნის წინ მდებარე ნიკოლაძის სკვერი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით კეთილმოეწყო, რის ფონზეც ძველი შენობა გაცილებით უსახური გამოჩნდა.
 მიუხედავად იმისა, რომ შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს, იმ ადგილზე გავლა იშვიათად მიხდება. გამიკვირდა, როცა ერთ საღამოს შენობის ჩამონგრეული ფანჯრაში შუქი, აივანზე კი ბავშვის ტანსაცმელი დავინახე. ნანგრევებად ქცეულ შენობაში ადამიანები ცხოვრობენ, მათ შორის ბავშვები... 
შენობის ბინადრები საღამოს ეზოში ერთად შეკრებილი დაგვხვდნენ... ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, უფროსები კი დღის ამბებს უზიარებდნენ ერთმანეთს. შენობაში, რომელიც დანგრევის პირასაა და მცხოვრებლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, 6 ოჯახია შეკედლებული. როგორც ისინი აცხადებენ, ყოფილი ქარხნის შენობა ნინო ბურჯანაძეს საკუთრებას წარმოადგნს. მათივე ინფორმაციით, შენობის გაყიდვა იგეგმება, ამიტომ ყოველდღიურად გამოსახლების მოლოდინში არიან. შენობა ამორტიზირებულია, არ აქვს ფანჯრები, გაუმართავია ელექტროგაყვანილობა. დენი მხოლოდ საყარაულოშია, სადაც ჟუჟუნა ბებო ცხოვრობს. ტელევიზორი მხოლოდ მას აქვს, რაც მეზობლების „კინოთეატრია“.
ხათუნა ბასილაძე ორი წელია, რაც ქარხანაში შვილთან ერთად ცხოვრობს. ქუთაისში მეუღლის დაღუპვის შემდეგ სამუშაოდ წამოვიდა. ამბობს, რომ ოდილაურიდან ყოველდღიურად სიარული ხარჯებთან იყო  დაკავშირებული, ამიტომ თავშესაფარი მიტოვებულ შენობაში იპოვა და 11 წლის შვილთან ერთად დასახლდა. მუშაობა მერიის დასუფთავების ააიპში დაიწყო მეეზოვედ, რაც სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი გახდა. 
"მეუღლე, რომ დამეღუპა, სხვა გზა არ მქონდა, მოვკიდე შვილს ხელი და წამოვედი, მაგრამ აქედან ყოველდღე სიარულს ვერ შევძლებდი. მიტოვებულ შენობას შემოვაფარეთ თავი, ყოველდღიურ საფრთხეში ვცხოვრობთ, მაგრამ ამის მადლობელი ვარ. მძიმე პირობების გამო სოციალური დახმარება დამინიშნეს, თუმცა ისე მოხდა, რომ სამსახურში მოწყობის შემდეგ, თურმე მაღალი შემოსავალი დამიფიქსირდა და დახმარება მომიხსნეს. დასუფთავებაში ვმუშაობ, ქუჩებს ვალაგებ და ასე ვინახავ შვილს",-განაცხადა ხათუნა ბასილაძემ. 
დავითი 13 წლისაა, ასაკის შესაბამისად მხიარული და აქტიური. როგორც ამბობს, ერთი ოცნება ჰქონია და დედის დახმარებით აისრულა. ერთი წელია, ქართულ ცეკვებს ეუფლება. "პატარაობიდან მთხოვდა, ცეკვაზე მეტარებინა. მონაცემებიც ჰქონდა, მაგრამ თანხა არ მქონდა. ვეუბნებოდი, ვალებს გავისტუმრებ და შეგიყვან-მეთქი. ერთ–ერთ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელსაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ უარით გამომისტუმრა. როგორც იქნა, გავისტუმრე ვალები და ოცნებაც ავუხდინე. ერთი წელია, ცეკვაში დადის". 
მსგავსად დავითისა, შენობაში სხვა ბავშვებიც ცხოვრობენ, რომელთა ყოფაც ბავშვურს არ გავს, თუმცა ყველაფერს ბავშვურად და მარტივად უყურებენ. 
"დაბურული ფოტოებია", დამიწუნა ობიექტივში მოხვედრილი კადრები ერთ-ერთმა მათგანმა და გაიცინა. ეზოდან გამოსულს კიდევ დიდხანს მესმოდა მათი ხმა. შენობის ერთ-ერთ სარკმელში კი ფერად-ფერადი ყვავილები შევნიშნე. მის ფონზე ჩამონგრეული სარკმლის მდგომარეობა გაცილებით მძიმე ჩანდა. ეს იყო „სოციალური სარკმელი“, რომელიც ორ სამყაროს ჰყოფდა. 

                                                  *** 
ქუთაისის მასშტაბით მიტოვებულ შენობებში რამდენიმე ასეული ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ყოველდღიურად გამოსახლების მოლოდინში არიან. მერიამ არაერთხელ დაანონსა საკუთარ ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვა და საბინაო ფონდის შექმნა, მაგრამ ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროსგან შენობების გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკების პროცესში არიან. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, მერია ეკონომიკის სამინისტროს პასუხს ელოდება, რის შემდეგაც ბიჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისება მოხდება. 
„ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ მათ ბალანსზე არსებული შენობები გადმოგვეცეს, რის შემდეგაც დავიწყებთ სამუშაოებს. ბიუჯეტში გამოყოფილია 300 000 ლარი, რის ფარგლებშიც მოხდება შენობების რესტავრაცია, რომ მოსახლეობა, რომელთაც საცხოვრებელი ფართი არ აქვთ, ამ შენობებში შევუშვათ. ამასთან ერთად სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით მოხდება საჭირო კრიტერიუმების დადგენა, რომლის მიხედვითაც დავადგენთ, ვის ესაჭიროება პირველ ეტაპზე საცხოვრებელი. მთავარია, სამინიტრომ შენობები დროულად გადმოგვცეს“, -განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ. 
საცხოვრებელი სახლის მოთხოვნით მერიის საბინაო ფონდში 900-ზე მეტი მოქალაქის განცხადებაა შესული. მოსახლეობა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ელოდება. იქამდე კი თვითნებურად შესახლებულები იძულებულები არიან ყოველდღიური გამოსახლების მოლოდინში და საფრთხეში იცხოვრონ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა