|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეატრალური მოლოდინები სისტემური და პოლიტიკური ცვლილებების ხანაში

ქუთაისში, ლ. მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება, თუმცა კონკრეტულად რა სადადგმო სიახლეებზეა საუბარი ამის თქმა თეატრში ჯერჯერობით არ შეუძლიათ. ამის მიზეზი სამხატვრო საბჭოა.

სისტემური სიახლის თანახმად, რეპერტუარს სამხატვრო საბჭო დაადგენს - ის გადაწყვეტს  ახალი პროექტებიდან, რომელი განხორციელდება თეატრში და ვის მიერ. „ჩვენ შევქმენით სამხატვრო საბჭო, მისი ვიზირების გარეშე ვერაფერს ვიტყვი, თუკი ადრე შემეძლო გარკვეული გეგმები მეთქვა, ახლა სამხატვრო საბჭოში ერთად ვწყვიტავთ და ჩვენი ვიზირების გარეშე  წარმოუდგენელია რაიმე განხორციელდეს“, - ამბობს მესხიშვილის თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე.

რადგან საბჭო ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია, ამიტომ თეატრში, ახალი დადგმების კუთხით, ამ დრომდე კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ.

„უამრავი გეგმაა, უამრავი  პრემიერა იგეგმება, ბევრი საინტერესო იდეით მოდიან როგორც თეატრში მოღვაწე რეჟისორები, ასევე - მოწვეულები.  გვინდა, რომ ქართული თეატრალური ხელოვნების მეტრებიც მოვიწვიოთ აქ“, - ამბობს გიორგი სიხარულიძე.

მესხიშვილის თეატრში კონკერტიკაში ხელისშემშლელ ფაქტორად ფინანსებიც ესახებათ. თეატრში იმედოვნებენ სადადგმო ხარჯების მოპოვებას და გაზრდას სხელმწიფოს მხრიდან, რადგან, მათი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებები პირდაპირპროპორციული იქნება ბიუჯეტის ზრდასთან.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფინანსური პრობლემებიც გადაწყდება და აუცილებლად მივიღებთ სახელმწიფოდან სადადგმო ხარჯებს, რადგან მათ გარეშე სერიოზულ გეგმებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ის გასაქანი, რაც ჩვენს რეჟისორებს აქვთ შესაბამისად სადადგმო ხარჯებშიც უნდა აისახებოდეს. აქედან გამომდინარე ნაყოფიერ  წელიწადს ველოდებით. შესაბამისი დაფინანების პირობებში დარწმუნებული ვარ შედეგსაც იხილავს მაყურებელი“, - მიაჩნია თეატრის მმართველს.  

სამაგიეროდ იმ შედეგით, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოჰყვა, თეატრში კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამიტომ უხერხულობად ესახებათ მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე ლაპარაკი, რადგან თეატრალების თქმით ჯერ პირველი არ დასრულებულა. თუმცა, სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია.  „თავიდან როცა ვნახეთ შეღებილი, შელამაზებული მოგვეწონა, მაგრამ რაც დრო გავიდა კედლები ჩამოცვივდა, ლამინატი აიყარა, წყალი ჩამოვიდა. იმდენად უხარისხო აღმოჩნდა, რომ მეორე ეტპი კი არა, უკანა ვართ დასაბრუნებელი და პირველი ეტაპის სამუშაოებია ახლიდან გასაკეთებელი“,- მიაჩნია თეატრის მმართველს.

ასე გამოიყურება რეაბილიტაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ თეატრის სარეპეტიციო დარბაზი

სარეპეტიციო დარბაზი

რეაბილიტაციის შემდეგ თეატრში ყველა კარი სახელურის გარეშე დატოვეს

რეაბილიტირებული იატაკი უკვე აიყარა

პირველი ეტაპის სამუშაოებში რომ კორექტივები შევიდეს საამისოდ დამკვეთი, ანუ მერია, თეატრიდან, ხარვეზების აობაზე, ოფიციალური  განცხადებით მომართვას ითხოვს. მესხიშვილელები ამბობენ, რომ მერიამ კარგად იცის ამ ხარვეზების შესახებ, მერიის წარმომადგენლები არაერთხელ მოვიდნენ თეატრში და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგები ნახეს. ოფიციალურ განცხადებას რაც შეეხება, მმართველის თქმით, იგი გამზადებულია და მერია მას მალე მიიღებს.

თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს თანხა მეორე ეტაპის სამუშაოებისათვის. „სამუშაოების დასაწყისისათვის (მცირე სცენისა და მეორე სართულზე საგრიმიოროების რეაბილიტაცია, ასევე სარდაფის რემონტი) საჭირო თანხა ჯერ არ გამოძებნილა“, - ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

თუმცა თეატრში სიახლეებს მაინც ელოდებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან თეატრს სათანადო ყურადღება ექნება. „არჩევნებს დიდი ცვლილებები მოჰყვა ქვეყანაში, მაგრამ, მოგეხსენებათ, იმერეთში ჯერ კიდევ იგივე რეჟიმში ვმუშაობთ და არ შეცვლილა არაფერი, მაგრამ ცოტა ხანში შეიცვლება. ახალი ხელისუფალი როგორც კი  მობრძანდება რეგიონში, დაველაპარაკებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ თეატრს სათანადო დახმარება ექნება“, - მიაჩნია გიორგი სიხარულიძეს. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა