„ქეთო და კოტე“ ქუთაისის თეატრში
13 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ ვიქტორ დოლიძის კლასიკური ქართული ოპერის „ქეთო და კოტეს“ თეატრალიზებულ წარმოდგენას. სპექტაკლი გაიმართება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. თეატრალიზებულ წარმოდგენაში თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები: არმაზ დარაშვილი (კოტე), ბაკურ კვირიკაშვილი (ლევანი), ფერიდე ჯინჯიხაძე (მარო), კალისტრატე ხარჩილავა (მაკარი), მარიანა ბერიძე (ქეთო), ემილ ჩარგაზია (საქო), ბერდია ონიანი (სიკო), ირინა ალექსიძე (ბარბალე), მარიამ ფირცხალაიშვილი (ბაბუსი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ქორეოგრაფიული დასი (მთავარი ქორეოგრაფი - ვახტანგ უშვერიძე) და ორკესტრი. სპექტაკლის რეჟისორია - მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი - თეო კუხიანიძე. სპექტაკლში ქეთოს როლს ქუთაისელი მსმენელისა და მაყურებლის წინაშე, პირველად შეასრულებს სოპრანო მარიანა ბერიძე. მარიანა ბერიძე არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიწვეული სოლისტი, ასევე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის თეატრებთან. ის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერის კურსდამთავრებულია. მარიანა ბერიძე მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, არის ლაურეატი და ფინალისტი არაერთი პრესტიჟული კონკურსისა. მისი რეპერტუარი მოიცავს სოპრანოს წამყვან პარტიებს, როგორც ქართული, ისე მსოფლიო საოპერო კლასიკიდან. სპექტაკლში ბაბუსის პარტიას პირველად შეასრულებს ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი მარიამ ფირცხალაიშვილი.
ავტორი:




12:38
13:47
16:29
















