"რთველი 2013"-ისთვის მზადება დასრულებულია (R)
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "რთველი 2013"-ისთვის დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა.
"რთველი 2013"-ის ორგანიზებულად ჩასატარებლად, გურჯაანში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. შტაბის წევრები სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.
"ოფიციალურად შტაბს საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი ჰქვია, რომელმაც რთველის ორგანიზებულად ჩატარება უნდა უზრუნველყოს. შტაბში შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიმართულებით იმუშავებს. საკოორდინაციო შტაბში ფინანსთა სამინისტრო სუბსიდირების პროგრამით გასაცემი თანხების მონიტორინგის კუთხით არის ჩართული.
საკოორდინაციო შტაბის შიდა ფუნქციები ასეთია: შტაბში მომუშავე ოპერატორებს საწარმოში ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობისა და ხარისხის აღწერა და ამ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში შეტანა ევალებათ. ოპერატორებს ზედამხედველობას მობილური მონიტორინგის ჯგუფები გაუწევენ, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორებს ჯიშების იდენტიფიკაციაშიც დაეხმარებიან. მონაცემთა ბაზაში მონაცემთა ჯამური რაოდენობის გადამუშავება მოხდება. შტაბის მუდმივი შტატის ფუნქციაა, ადგილობრივ გამგებლებთან და რწმუნებულებთან ერთად, დაგეგმონ და სწორად აკონტროლონ ყურძნის კრეფა გეოგრაფიული და დროის თვალსაზრისით. სოფლის გამგებლებთან და რწმუნებულებთან ერთად, მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაეხმარებიან მეწარმეებს, გლეხებსა და ფერმერებს, ნაკლები შეფერხებებით, რიგების გარეშე შეძლონ ყურძნის მიღება-ჩაბარება. ამოქმედდა ცხელი ხაზიც (2470101), რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს“, _ განმარტავს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო არეალის გაფართოვებამ, ასევე რუსეთში, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებამ, ივლისის მონაცემებით, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის 43%-იანი ზრდა განაპირობა. ამ ფონზე, სახელმწიფოს დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ იქნება მიმართული, რომელიც გლეხს უფრო კონკურენტუნარიანს, წარმოების პროცესს კი უფრო თანამედროვეს გახდის. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოხმარდება. ამგვარი მიდგომა ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნას გაზრდის როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზარზე. ეს კი, საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს გლეხებისგან სულ უფრო მეტ ყურძენი ჩაიბარონ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფია ამბობს, რომ წელს სახელმწიფო მეწარმეებს შეღავათიანი აგროკრედიტით დაეხმარება. შეღავათიანი აგროსესხების პროექტს მეხუთე კომპონენტი დაემატება და 50 მილიონი ლარი გაიცემა, რომლის ფარგლებშიც 15-თვიან სესხებს ღვინის კომპანიები მიიღებენ. შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის (15-თვიანი სესხი) 12-დან 15%-მდე იქნება, საიდანაც 9%-ს სახელმწიფო დაფარავს. ერთ ლარად, ან ერთ ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით შესაბამისი თანხით უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს.
2013 წლიდან სახელმწიფო იზრუნებს ბიზნეს სექტორის ინტერესების დაცვაზე და სრულად გაითვალისწინებს გლეხისა და ფერმერის ინტერესებს. სახელმწიფო აღარ იქნება კერძო სექტორის კონკურენტის როლში.
წელს სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამა სრულიად ახლებურად გახორციელდება: სუბსიდიის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს. სუბსიდიის პროგრამა ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე ეხმარება საწარმოს და ნებაყოფლობითია. სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და მწვანე კახურზე შეადგენს 40 თეთრს, ხოლო 1 კგ საფერავზე _ 25 თეთრს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, კერძო საწარმოები მხოლოდ ე.წ. კონდიცირებულ, ხარისხიან ყურძენს ჩაიბარებენ.
"სახელმწიფო იზრუნებს კერძო სექტორის ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და პარიტეტულობის შესანარჩუნებლად გლეხების დახმარებაზე _ არ მოხდება დიფერენცირება მცირე და დიდი ფართობებიდან მიღებული ყურძენის ჩაბარებაზე, თანაბარი პირობები შეიქმნება მეწარმეებისთვის და მცირე ფერმერებისთვის. მეტი ფასის დაწესება ფერმერებს მოტივირებულს გახდის, უფრო ხარისხიანი ყურძენი ჩააბარონ. კერძო სექტორს სჭირდება ხარისხიანი ყურძენი. გლეხებს და მევენახეებს, რომლებიც ვერ მიაღწევენ მეწარმეებთან შეთანხმებას, შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო საწარმოებს. სახელმწიფო შეასრულებს დამხმარე, სარეზერვო ფუნქციას. წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფო არ შევა პირდაპირ კონკურენციაში კერძო სექტორთან, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, მას არ წაართმევს ყურძენს“, _ აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, რთველი აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან (სოფლები _ სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო) დაიწყება, ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთვებიან ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები.
შტაბის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ "რთველი 2013" ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება, რადგან წლევანდელი ახლებური მიდგომები ღვინის მწარმოებლებთან, გლეხებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა.
"რთველი 2013~-ის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებსაც მართავს. ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუკუზანში იმყოფებოდნენ და შტაბის წევრებთან ერთად ადგილობრივ გლეხებსა და ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრების მიზანს რთველის ორგანიზაციული საკითხების განხილვა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შტაბის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების გაცნობა წარმოადგენს.
საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს, რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, მუკუზანზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, რადგან რუსეთში ღვინო "მუკუზანს“ კარგად იცნობენ და დიდი ინტერესით ელიან.
სავარაუდოდ, სოფელ მუკუზანში წელს 800 ტონა საფერავი უნდა დაიკრიფოს. ხარისხიანი ნედლეულის ფასი, წინასწარი მონაცემებით, 1 ლარი იქნება, რომლის 25%-ს სახელმწიფო გადაიხდის. საწარმოები უკვე მზად არიან ყურძნის ჩასაბარებლად. რთველი სოფელ მუკუზანში, დაახლოებით, ორ კვირაში დაიწყება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს, აქტიურად იმუშაოს ისეთი პროგრამების გახორციელებაზე, როგორიცაა:
1. ვენახების ფართობის დადგენა, აღწერა და ვენახების აღრიცხვიანობის საკადასტრო სისტემის შექმნა. დარაიონება ჯიშების მიხედვით;
2. ყურძნის რაოდენობისა და წარმოების მასშტაბების განსაზღვრა სხვადასხვა რაიონების მიხედვით, რათა ამ კრიტერიუმებით გამოიკვეთოს ღვინის სახეობები, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული წარმოებაში და რეალიზებული ადგილობრივ ბაზარზე;
3. შიდა კოოპერირება ცალკეული მეურნეობების მიხედვით; ერთობლივი ძალისხმევის ხელშეწყობა მცირე საწარმოების შესაქმნელად და სარეალიზაციო ბაზრებზე გასასვლელად, რის შემდეგაც, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან დამოკიდებული მსხვილ მეწარმეებზე, სუბსიდირებაზე და ფასების ცვალებადობაზე;
4. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ფერმერთა კოოპერატივების შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაზე.
ავტორი: პრესსამსახური
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა