|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კურტანიძე - პატრიარქი დგას ყველა კანონზე მაღლა და ეს კონსტიტუციურად გვაქვს განმტკიცებული

ქართული პოლიტიკური ელიტა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები -  რამდენად გააზრებული აქვს პირველს მეორეს მნიშვნელობა? რამდენად სწორად კითხულობს და ესმის პოლიტელიტას საკუთარი კონსტიტუცია? რა განაპირობებს საქართველოში ღირებულებების თვალსაზრისით პრიორიტეტების  განაწილებას?

Newpress.ge-ს კითხვებს პასუხობს ფილოსოფოსი კახა კურტანიძე.

– პოლიტელიტას კონსტიტუციასა და საჭირო-ოთახის რამ ატრიბუტს შორის ვერა და ვერ დაესმევინა ტოლობის ნიშანი  - მეორე აშკარად ესაჭიროება და რა ქნას?!

ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ ჯდება კონკორდატში და რას ვიზამთ?! ადამიანის უფლებებს ვერავინ იცავს სრულად -არ არსებობს არც მექანიზმი და არც ნება საამისო. შვედეთში იცავენ ადამიანის უფლებებს, თუ შვეიცარიაში?! ჰკითხეთ იქ ემიგრანტებს და...

– ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტზე პრემიერის განცხადებას თუ გავიხსენებთ („მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა“) აღმოჩნდება, რომ კანონია უზენაესი. სამაგიეროდ 17 მაისის შემთხვევაში კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა ბევრი რამ დადგა. რა განაპირობებს საქართველოში პრიორიტეტების ასეთ განაწილებას?

-ეს იმგვარი კითხვაა, საქართველოს ისტორიის ანალიზი და ცნობიერების ლაბირინთებში ჩამალულ კენტავრებზე მოგვიწევს ფიქრი...

თუმცა, მოკლედაც შეიძლება - გაგნებაში არ ვართ, მგონია, ვინ ვართ და საით მივდივართ. ანუ, იდენტობის პრობლემა გვიდგას. "ვინ-ვართ-და-საით-მივდივართ" საკითხი კი ისტორიის საკითხია - ისტორიულობის! ჰოდა, როცა ისტორია არ გაქვს, მაშინ ხარ მითოლოგიური სამყაროს ბინადარი. გარშემო დასახლებული არიან ღმერთები, ნახევარ-ღმერთები, გმირები, ბოროტები, ფერიები...როდესაც ვამბობთ დასავლეთი გვსურსო, ვგულისხმობთ დასავლულ "დოვლათს" და არა ამ დოვლათის შექმნის მექანიზმს. მეტიც, ეს მექანიზმი მხოლოდ ისტორიის და არა მითის გარემოში მუშაობს...

17 მაისი მძიმე განცდაა, მაგრამ ჩემთვის იგი ორსახოვანია: 1. რაღაც პროვინციულობის სუნი ასდის იმ ოცი აქტივისტის საქციელს; 2. მასის გავეშება და ქურუმ-ქურუმთუხუცესების ველური  ტკბობა ძალაუფლებით. ანუ, მეჩვენება, რომ აქტივისტებიც და „დამტაბურეტკელებიც“ რაღაც რამ ბურუსით არიან მოცულნი  - საკუთარი მნიშვნელოვნების და განსაკუთრებულობის ტკბილი ბოლით დაბუჟებულნი...

არამგონია ქურუმები რაიმე "შეთქმულებას“ ხრიკავდნენ და წინასწარმოფიქრებულად ალაგებდნენ ქმედებების რიგითობებს. ისინი მხოლოდ ძალაუფლების ნექტარის ყნოსვას არიან ადევნებულები. ეს ნექტარი იმდენად იზიდავს და ნუსხავს მათ, რომ ეს უკანასკნელნი ვერც კი აზროვნებენ. დააკვირდით მათი სახის გამომეტყველებას, როდესაც ისინი საუბრობენ სადღაც არიან, სხვაგან, სხვა სამყაროში...

კონსტიტუცია ქართველებს არ შეგვიქმნია - ოთხივე (მენშევიკური, ბოლშევიკური, შევარდნაძის და სააკაშვილის) უბრალოდ ან თავსმოხვეული ან გადმოწერილი და აკემსილ-დაკემსილია სხვადასხვა ხალხების კანონთ-შემოქმედების ნაფლეთებისაგან. აი რაც შევქმენით კონკორდატია და ვიცავთ მას ისე ზუსტად, მოსეს კანონს რომ ვერ იცავდა ებრაელთა ერი ვერასდროს: მოსეს სინაზე იახვე და საპატრიარქოს მოხელეს თავისთავი ლესელიძის ქუჩაზე...

– შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დგას პასუხისმგებლობის პრობლემა. ძლიერ ინსტიტუციას, მაგალითად, საპატრიარქოს აქვს უფლებები, მაგრამ ნაკლებად ჩანს მისი პასუხისმგებლობები (ქვეყანაში დატრიალებული ყველა უბედურების შემდეგ საპატრიარქო ყოველთვის სუფთა გამოდის, არავინ არაფერზე თხოვს პასუხს). ნაკლებად ჩანს პასუხისმგებლობები მთავრობიდან - სხვა ძლებზე გადაბრალების პოლიტიკაა პრიორიტეტული. რამ განაპირობა პასუხისმგებლობის აღების ასეთი „პანიკური შიში“?

– კონკორდატის მიხედვით პატრიარქი და საპატრიარქო „ვნე-და-ვიშე-ზაკონაა“. აი მაგალითად, კონკორდატის მიხედვით პატრიარქი ხელშეუხებელია. ხოლო, საქართველოს საეკლესიო მართვა-გამგეობის კანონის მიხედვით, პატრიარქის გადაყენება შეუძლებელია. რა გამოდის?! გამოდის, რომ პატრიარქი დგას ყველა კანონზე მაღლა და ეს კონსტიტუციურად გვაქვს განმტკიცებული. კონსტიტუცია ამტკიცებს, რომ მასზე მაღლა დგას რამ სხვა კანონი. ეს კი ნიშნავს, რომ კონსტიტუცია ამბობს, რომ არ არის კონსტიტუცია და არის საჭირო-ოთახისათვის გამოსადეგი მატერია - და მერე უკვირთ, რეიზა მეიხმარა სააკაშვილმა კონსტიტუცია და რეიზა იქმან იგივეს ახლანდელი ძალაუფლებამპყრობელნი?!

სუფთა გამოდის საპატრიარქო თუ არა, აბა რა გითხრათ. ძველქართულში სუფთას ექვივალენტი იყო წმინდა  - არის, ბატონო,საპატრიარქო წმინდა საყდარი მეუფეთა ჩუენთა და უფლისა მეუფისა, და რა ვქნათ! სუფთა გამოდისო და ეს იგივეა, წმინდა გამოდისო - ენა ხომ არ გიყივით, გეთაყვა?!

სუფთა ვერ გამოდის! ძალიან, ძალიან ისვრება მისი ავტორიტეტი. აუცილებლად მოხდება დღევანდელობის გადაფასება ან ჩვენს მიერ ან არც არავის მიერ - უბრალოდ აღარც ვიქნებით გადამფასებლები, ანუ საქართველოს მოქალაქეები. ამ შემთხვევაში „გადაფასება“ იქნება ის, რომ ისტორია ჩაგვყლაპავს. აი, ოსები და აფხაზები ხომ იჩემებენ ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს? ან ბერძნები ივირონს და ჯვრის მონასტერს იერუსალიმში? სომხები ხომ საერთოდ! რა, გარეჯზე ვერ იტყვიან ალბანურია თუ ტაო-კლარჯეთზე წინა-თურქულიო?! ახალი ხალხი ისტორიას ახლებურად დაწერს! ჩვენს ბეყეერა ისტორიკოსებს ლაზების ვინაობაც ვერ აღუწერიათ წესიერად. ან, ვთქვათ, მართლა გამოიკვლიეს რაიმე და გამართეს კონფერენცია და მსოფლიო ისტორიკოსების წინაშე ააფრიალეს საბუთები, მაინც დაიკიდებენ აფხაზები და იმას ასწავლიან შვილებს რაც თავად მოსწონთ.

მოკლედ, სულ რომ ტალახსა და ლაფში გორაობდეს ქურუმი, მაინც ექნება ძალაუფლება მანამ, სანამ მხოლოდ მას დუთმობ უფლებას ილაპარაკოს ღმერთებისა და ნახევარღმერთების, ფერიებისა და კენტავრების სახელით. ძალაუფლებაა ყველაფერი. იესოს უდაბნოში სატანა ძალაუფლებას სთავაზობდა. მოწინააღმდეგენი მას ძალაუფლების დემონსტრირებას სთავაზობდნენ სანაცვლოდ უყოყმანო მორჩილებისა. დიდი ინკვიზიტორისა და ორუელის რომანების ნაზავი ქართული ვარიანტი აბელ-არქიფო სეთური იქნება მანამ და დაირქმევს ათასგვარ აღმატებულ სახელებს, სანამ მას ამის საშუალებას მისცემ. ჰო, ეგრეა, სანამ მთლიანად დაუთმობ მას უფლებას განსაზღვროს რაა ჩვენი ბედნიერება, მიზანი, დანიშნულება, ის მუდამ "იზრუნებს" ჩვენზე და ძალაუფლების სიამტკბილობაში ჩაფლული დაიჯერებს კიდეც თავისი მისიის გარდუვალობას იყოს მფარველი და მზრუნველი...

ჰოდა, ვამბობ, თუ ვიარსებეთ როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, მაშინ შემდგარი ქვეყნის შემდგარ მოქალაქეებს აუცილებლად გვექნება ის მინიმუმი აზროვნებისა, რაც საკმარისი იქნება ვიცოდეთ რანი და ვინ ვართ ახლა. რადგან, იყო მოქალაქე ნიშნავს იყო ისტორიის წევრი და არა მითოლოგიური სამყაროს ობიექტი. თუ დავრჩით შეუმდგარ მოქალაქეებად, არაფერს, მაშინ, აზრი არ ექნება ისევე, როგორც ახლა არა აქვს, როდესაც კონსტიტუცია ამბობს, "მე ვარ მასალა საჭირო-ოთახის რამ ატრიბუტისა"....

მითოლოგიურ რეალიებს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები არ სჭირია. იქ ყველაფერი ისედაც გაგებული და აწყობილია. იქ ბატონობენ ღმერთები და ნახევარღმერთები. იქ განაგებენ მათი კაპრიზები და ახირებები. იქ, ბედისწერაა თავისუფლება. იქ ყველაფერს აქვს "აზრი", ყველაფერი გაგებულია - ჭექა-ქუხილი ზევსის ორკაპია. თუ ეს ორკაპი დაგეცა და გადაგბუგა, მაინც გასაგებია, ასე ჩათვალა ზევსმა საჭიროდ, მან იცის უკეთ, ის ღმერთია!..

გამოსავალი მარტივია:

გამოართვით თქვენი სულები და გონებები ქურუმებს. შინაგანად ნუ ემონებით მათ, ქართველნო! ეგ თქვენს ხელშია! მაგას არ სჭირდება არაფერი, გარდა თქვენი შინაგანი გადაწყვეტილებისა და გამბედაობისა. და თუ ეგ მოხდა თქვენში მაშინ... მაშინ, ეგ ქურუმებიც ჩვენნაირი ადამიანები არიან, ისინი მანამ ბზუიან სანამ ნექტარი ათრობთ! ნუ ხართ გადაფურჩქნული და შეიკავეთ თქვენი ნექტარი თქვენვე და გაუზიარეთ ერთმანეთს - იაზროვნეთ, იფიქრეთ, ისაუბრეთ, იკამათეთ, აზრი გამოიტანეთ. აქაა მთავარი გამბედაობა. ხოლო, თუ აზრი გექნათ, ანუ დაინახეთ სინათლე, მაშინ ვერავინ დაგამონებთ - გახსოვთ ფილმი "შერეკილები"-? და იქიდან ფრაზა, „აქედან ვერ წაშლი“?!... აზრის თავისუფლება ჯურღმულშიცაა და თუ სიცოცხლის სიყვარული და წყურვილია, მაშინ ის, ვისაც ჭურში ჩააგდებენ, იქიდანაც კი გამოანგრევს და ცაშიც აფრინდება...

ყვავილივით გადაფურჩქვნა კაი გრძნობაა შეიძლება, მაგრამ იმ ნესტარს, რაც წეღან ვთქვი, რეზინის ხელკეტის გემო აქვსო გვიმტკიცებენ და გვანახებენ კიდეც ვიდეოჩანაწერებით...

– ბიძინა ივანიშვილის წასვლას პოლიტიკიდან  რამდენად შეუძლია გაუძლიეროს პოლიტ ელატას თუ რიგით მოქალქეს პასუხისმგებლობები სახელმწიფოს წინაშე? ან რამდენადაა შესაძლებელი ბელადზე მოთხოვნილება „დაასუსტოს“ და  ბელადების რეინკარნაციის პირობებში „მოსპოს“ მესიანიზმი საქართევლოში?

- ბიძინა არსად არ მიდის, რამდენადაც ვხვდები - "ადგილმონაცვლეობს"!

ბელადები...ვერ დავარქმევდი ბელადებს  - უფრო, "კვარაცხელიას ჯიშის სამეწველო ძროხებს" ვუწოდებდი. სამეწველოს ვამბობ და არა მეწველს. უბედურნი ვართ, ერთი კარგი კვარაცხელიას ჯიშის მეწველი ძროხა არ გვეღირსა, თავიდან ძროხა გვეგონა და ახლოს რომ მოვიდა ბუღა არ აღმოჩნდა, ბიჯო?!

მამიკო-მარჩენალი „გვინდებლერიენ“!

მგონია, რომ საბჭოთა პარადიგმები მოქმედებენ ჩვენს გონებაში ლატენტურად. საერთოდ მიმაჩნია, რომ ადამიანის გონება არის აგებულობა/კონსტრუქცია. აი, ამ აგებულობის მაშენი აგურები არიან პარადიგმები/პატერნები, სტერეოტიპებად რომ ვლინდებიან ხან-და-ხან . აი, ეს აგურები რომ ჩაიწყობა, მერე მათი არსებობის კვალი თავად გონებაში აღარაა, ის (კვალი) გარეთ გამოდის და იქცევა ჩვენს ყოფად და გნებავთ ყოფიერებადაც კი. აბა საიდან, საბჭოთა პერიოდში, სხვა აგურები?! ჰოდა, გვინდა არ გვინდა ვაბრეჟნევებთ ნებისმიერს. ამიტომ, "მესიანიზმი" გაგრძელდება.

ჩემი აკვიატება კი შემდეგია. ამ "ბელადმომთხოვნელობის" გამამისტიურებელი, ანუ საკრალურად გამამართლებელი არის მართლმადიდებელი ეკლესია. მაგ;,  სინანული გაიგივდა აღსარებასთან - იტყვი და გეპატია. საქმე იმაშია, რომ აღსარება არ ითხოვს აზროვნებას, ითხოვს მხოლოდ სირცხვილის დაძლევას. სააღსარებო ცოდვები კი ძირითადად სექსუალური ენერგიის კონტროლს უკავშირდება. ან, არ იტყვი აღსარებას, რადგან ვერ დაძლევ ამ სირცხვილის გრძნობას და ეს კი მთლიანად დაგაკონცეტრირებს ამ "ცოდვებზე" - ზედაპირულ ჩამონათვალზე. გაანალიზება არ დადის "აგურებამდე". ისინი მხოლოდ ზედაპირზე ამოსროლილი ვულკანული კვამლში დაეცეცებიან. მაგალითად, ცოლიანი მამაკაცი აღსარებაში იტყვის, რომ იყო მეძავთან და ელის შენდობას. ის იღებს მას. მაგარამ, ის არ იფიქრებს რამ მიიყვანა იქამდე. რა თქმა უნდა, ეს აღსარება მასში არაფერს შეცვლის. ის უბრალოდ მოითმენს და არ წავა მეძავთან იმიტომ, რომ ეს ცოდვაა და ეშინია ჯოჯოხეთის. ან, ადგება და მაინც გაიმეორებს ჩადენილს და ისევ დავარდება მამაოს მუხლებში. ასე ხომ ვერასდროს გაიგებს რა უნდა, რატომ მივიდა აქამდე, რატომაა ცუდი მეძავთან ყოფნა - იქნებ სულაც არაა ცუდი და პირიქით მოჭარბებული ენერგიიდან განმუხტვაა ნაწილობრივი?! აღსარების ახლანდელი სახე აზროვნებას, თვით-შემეცნებას, საკუთარი ცნობიერების ან გონის შესწავლას აფერხებს  - იგი რაღაც ბურუსს ქმნის არააზროვნებისა. არადა, ცნობიერების ანაგების კვლევა მხოლოდ აზროვნებით, თვით-შემეცნებით, საკუთარი ფიქრების, ქმედებების შესწავლითა და ანალიზით ხდება.

მესიანიზმი მაღალი სიტყვაა.

ბელადიც მოძველებულია.

ჩვენ რაც გვინდა აბელ-არქიფო სეთურია! თუმცა, ამ ტიპაჟის შემქნელმა თავად "ცნო" მამა-მარჩენალის სიწმინდე-სისუფთავე - რას ვიზამთ, ცნობიერება ანაგებია/სტრუქტურაა. ის პარადიგმის აგურებისაგან ეწყობა და, აბა საიდან, სხვა აგურები გარდა ლენინ-სტალინ-ბრეჟნევისა?!

თუმცა, ძალიან ნუ გავუნაწყენდებით ერთმანეთს. მარტონი ვართ და რაც ვართ ეგა ვართ. აგერ საბერძნეთს თავზე ეფოფინებიან. ფაქტობრივად, ყველანაირად წაახალისებენ და მხარს უჭერენ ჯერ სახელწოდების გამო და მერე გეოპოლიტიკის გამო. აქეთ თურქეთი იქეთ რუსეთი იყო მუდამ მზად ჩაეყლაპა. საბერძნეთით თურქეთის გაზრდა ან მთელი ხმელთაშუას დაკეტვა რუსეთის მიერ, უბრალოდ, შუასაუკუნეების დაბრუნება იქნებოდა. ყველაფერი გაუკეთა დასავლეთმა საბერძნეთს. ყველანაირი პრივილეგია, ტრილიონები. ჩვენ რუსის ავიაციის საწინააღმდეგოდ სტინგერებიც არ მოგვყიდეს. "ნავაროჩენი ნავაროები" გამოგვიგზავნეს ზედამხედველებად. მანამდე კი იყო რუსეთი. იქ, რუსეთში, ხომ საკუთარი "უცნაურობით" შევინარჩუნეთ თავი?! ვინ გვიჭერდა მხარს ან რაში ვჭირდებოდით?! თავად ვიპოვეთ არსებობის, სუნქვის საშუალება და რაღაც მაინც ვიყავით და ვართ! რა სამოქალაქო ომები და დიქტატურები დაიტეხა საბერძნეთმა თავზე, მაგრამ მათ ემიგრანტებს მაინც მუდამ ქონდათ დასავლურ ქვეყნებში ადამიანური არსებობის პირობები, ლეგალური სამსახურები, სესხები, სამუშაო პირობები, სწავლისა და ბიზნესის წახალისებები. ჩვენ კი გეტოში გვამყოფებენ და ჩვენს ემიგრანტებს ლამის ცხოველებივით ექცევიან. დღეს კორიდორივით რაღაც სჭირდებათ ჩვენი ტერიტორია, ხვალ რა იქნება არ ვიცით. ამიტომ, რაც ვართ ეგ ვართ - ჩვენს გარდა არავინაა ჩვენი თავი! ბოლო-ბოლო ეგ ქურუმებიცა და ქურუმმორჩილი მთავრობაც ჩვენ ვართ ჩვენივე არჩევანით!

„ვიყუარებოდეთ ურთიერთას და ერთობით ვაღიარებდეთ“ - წირვის სიტყვებია და მასე ასე გავშლიდი: შევიყვაროთ ერთმანეთი და რომც არ გვქონედეს ამ სიყვარულის განცდა, მაინც მოვიქცეთ ისე და მოვექცეთ ერთმანეთს ისე, თითქოს გვიყვარს ერთმანეთი, და ერთად ვაღიაროთ, რომ გვინდა თავისუფალი ჩვენი ქვეყანა, სადაც ყველა მისი მოქალაქე თავს იგრძნობს დაცულად და იმედიანად!

"შეიყვარე მოყვასი/მტერი შენი" არ ნიშნავს მხოლოდ ემოციურ ან გადაშლილი ყვავილის პოზაში ჩამდგარ მგრძნობელობას. ის ნიშნავს არჩევანს, მუშაობას და მიზანდასახულობას ვიცხოვროთ ისე, რომ ვცდილობდეთ გარშემო სიკეთე ჭარბობდეს -- სიკეთე ყველასთვის:

„რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც / რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მათეს სახარება 5:45).  

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების“

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა