|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლელა კოდალაშვილი - შვილებმა მშობლების გარეშე აღმოაჩინეს თავიანთი პატარა „რელიგია“ „ჰარი პოტერის“ სახით

რატომ ეშინიათ კარლსონისა და ჰარი პოტერის? რატომ წვავენ  და კრძალავენ წიგნებს საქართველოში  წაუკითხავად? რამდენად სახიფათოა „რეცეპტები“ და თავსმოხვეული ფასეულობები ბავშვებთან მიმართებაში? რა როლი აკისრია კინოს მოზარდებში წიგნიერების ამაღლების კუთხით?

 საბავშვო ლიტერატურაზე, აღზრდაში სტერეოტიპების არსებობასა და ზომიერების გრძნობის აუცილებლობაზე და ა.შ. გვესაუბრება ლიტერატორი, მწერალი ლელა კოდალაშვილი.

-ცოტა ხნის წინ  zakon436.ru–ზე  გავრცელდა ინფორმაცია ერთ–ერთი რუსული საიტის შესახებ (პასუხისმგებლიან მშობელთა საიტი), სადაც გამოქვეყნდა  იმ წიგნების სია, რომლებიც, შემდგენთა აზრით, ბავშვებზე მავნე ზეგავლენას ახდენენ. ამ სიაში მოხვდნენ „სახურავის ბინადარი კარლსონი“ (უფროსების უპატივცემულობას ასწავლისო), „ტომ სოიერი“ და  „მაწანწალა რასმუსი“ (მაწანწალობის სურვილს უჩენსო).  თქვენი აზრით რატომ მოხვდნენ ეს წიგნები ამ სიაში? რამ გააჩინა ზემოთჩამოთვლილი, თითქმის ყველაზე საუკეთესო, საბავშვო ლიტერატურის მიმართ ეს შიში?

- უკვე იმდენი გამოცემა ,,გაყვითლდა», რომ არ ვიცი, რამდენად სარწმუნო და სანდოა ეს ინფორმაცია. ძნელია, სერიოზულად ელაპარაკო ამ ადამიანებს, მაგრამ, მოდით, დავუშვათ, რომ მართლაც გაჩნდა ამგვარი თვალსაზრისი.  ჩემი აზრით, აკრძალვების ავტორებს წიგნთან არაფერი აქვთ საერთო, თორემ მიხვდებოდნენ, რომ მათი ლოგიკით  მხატვრული ლიტერატურის 95 პროცენტი დასაგმობია და დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდებოდნენ.  მაშინ ავდგეთ და ეს სია კიდევ გავზარდოთ,  რადგან თითქმის ყველა ნაწარმოებში აღმოვაჩენთ უარყოფით პერსონაჟს, რაც შეიძლება ასევე მივიჩნიოთ მავნე ნიმუშად. აი, მაგალითად, გადმოვინაცვლოთ ქართულ ლიტერატურაში და აღმოჩნდება, რომ უნდა ავკრძალოთ "არსენას ლექსი", რადგან მოსწავლეს ძარცვისაკენ უბიძგებს, უნდა ავკრძალოთ "გლახის ნაამბობი", რადგან ძალადობას და მეძავობას ასწავლის მკითხველს, უნდა ავკრძალოთ "ვეფხისტყაოსანი", რადგან იქ უხვადაა კაცისკვლა, სისხლი, ღალატი და ა.შ. უნდა ავკრძალოთ ,,ჯაყოს ხიზნები», რადგან ინცესტსა და ძალადობას გვასწავლის   და ა.შ.  შეგვიძლია, გართობის მიზნით ეს სია კიდევ უსასრულოდ გავაგრძელოთ.  საინტერესოა, საერთოდ რას ნიშნავს სიტყვები - "წიგნი ასწავლის", "წიგნი უბიძგებს" და ა.შ. მაგალითად,  როგორ გადავარჩინოთ წითელქუდა და ბებია, თუ მგელი არ მოვკალით. საკეისრო კვეთა გაუკეთონ მონადირეებმა?  ასე მსჯელობა  ხომ აბსურდამდე მივა.

- წიგნი ან წიგნები, რომლებმაც თქვენზე ბავშვობაში დიდი გავლენა მოახდინეს - რის წაკითხვას ურჩევდით ბავშვებს? თქვენი სია – ათი მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც ბავშვობაში უნდა წაიკითხო.

- დღეს ინტერნეტის მეშვეობით  ადამიანს ყველანაირ ლიტერატურაზე მიუწვდება ხელი. ჩვენ კი უნდა დავკმაყოფილებულიყავით იმით, რაც სახლში გვქონდა და რასაც მშობლები თუ მასწავლებლები შემოგვთავაზებდნენ. ამიტომ  მე ცოტა არეულად მიწევდა კითხვა. რაც ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს ვკითხულობდი – იქნებოდა ეს საბავშვო თუ არასაბავშვო ლიტერატურა. ვერ გამოვარჩევ რომელიმეს, რადგან იმ ასაკში ყველაფერი საოცრებად მეჩვენებოდა. რეკომენდაციის მიცემაც რთულ და საფრთხილო  საქმედ მიმაჩნია. მე სამი შვილი მყავს. სამივე სკოლის მოსწავლეა. მათ შორის განსხვავება დაახლოებით თითო  წელია. მაგრამ თითოეულს სხვადასხვა  ჟანრის ლიტერატურა მოსწონს. რაც ერთისთვის საინტერესოა, იმაზე მეორე ცხვირს იბზუებს. 

თითოეული წიგნის შერჩევას ბავშვთან ხანგრძლივი საუბარი სჭირდება და მაინც ვუშვებ  შეცდომას და ვერ გავთვლი ხოლმე შედეგს. და საერთოდაც, მგონია, რომ სტერეოტიპული დამოკიდებულებები, საყოველთაო "რეცეპტები"  და თავს მოხვეული ფასეულობები ამ პატარა ადამიანების აღზრდის და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს საკმაოდ აფერხებს. ჩვენ ზედმეტად ბევრის უფლებას ვაძლევთ ჩვენს თავს ჩვენს შვილებთან მიმართებაში. თავს ვახვევთ ჩვენს გემოვნებას და შეხედულებებს, არ ვცდილობთ, გავიგოთ და მივიღოთ მათი ღირებულებები, ის, რომ ისინი ჩვენი ინტელექტუალური  საკუთრებები არ არიან, რომ ჩვენი სურვილისამებრ ვძერწოთ მათი ხასიათი, გემოვნება, ღირებულებები... ბეწვის ხიდზე სიარულია საჭირო, რომ ბავშვთან ზომიერების გრძნობა არ დავკარგოთ და კორექციები ტაქტის დაცვით მოვახდინოთ. ეს აუცილებელია, რათა შედეგი მივიღოთ და არა ანტიშედეგი.

ქართველი მშობლის დამოკიდებულება სამწუხაროდ ხშირად მმართველურია და გამუდმებით შეიცავს მბრძანებლურ კილოს. ეს დაუშვებლად მიმაჩნია ბავშვთან როგორც საყოფაცხოვრებო ურთიერთობისას, ასევე ინტელექტუალურ-აღმზრდელობითი პროცესისას. კონკრეტულ წიგნებს რაც შეეხება  - არსებობს მსოფლიო კლასიკის საუკეთესო ნიმუშები, რომელიც არ ძველდება. სამწუხაროდ, ვერ დავიჩემებ, რომ კარგად ვიცნობ ზოგადად ბავშვის ფსიქოლოგიას და ამიტომ ისევ ჩემი ბავშვების გამოცდილებას მოვიშველიებ. მაგალითად, ჩვენ თუ ცრემლი გვადგებოდა  "მანონ ლესკოს", "პოლი და ვირჟინის", "ჯეინ ეარის" კითხვისას და მაშინ ჩვენი მშობლები თვლიდნენ, რომ ეს საკულტო წიგნები უნდა წაგვეკითხა, ამ თაობის ბავშვებისთვის მოსაწყენი  და სენტიმენტალურ-პათეტიკური აღმოჩნდა ეს ტექსტები. უბრალოდ, სიცილად არ ეყოთ.... სამაგიეროდ, კვლავ წარმატებულია ასტრიდ ლინდგრენის  ნებისმიერი ტექსტი, ართურ კონან დოილი, ჟიულ ვერნი და სხვა... უფრო კონკრეტული რჩევები კი მხოლოდ კონკრეტულ ბავშვებთან იქნება გასაცემი...

- ბიბლიოთეკებში აღნიშნავენ იმ წიგნების მიმართ განსაკუთრებულ მოთხოვნას, რომლებზეც ფილმი ან ანიმაცია გადაიღეს. რა როლი შეუძლია იკისროს კინომ და  ვიზუალური ხელოვნების დარგებმა წიგნიერების ამაღლების  კუთხით?

- ბავშვებსაც და ჩვენც, დიდებსაც ხშირად გვჩვევია თქმა – უკეთესია, ჯერ ნაწარმოები წავიკითხო და მერე ფილმი ვნახო, თორემ ფილმის მერე წიგნის წაკითხვის ინტერესი გვეკარგებაო... ძირითად შემთხვევებში ეს ასეა. მაგრამ არის გამონაკლისი... მაგალითად, "ჰარი პოტერი", "ბეჭდების მბრძანებელი", "ბინდი" და სხვა... ეს ნაწარმოებები იმდენად ამოუწურავად საინტერსოა ბავშვებისთვის, რომ მზად არიან, ფილმის ნახვის მერე წიგნი წაიკითხონ, შემდეგ სხვა კინოვერსია ნახონ, შემდეგ ისევ წიგნს დაუბრუნდნენ... მოკლედ, ვფიქრობ, ეს გამონაკლის ნაწარმოებებს ეხება.  კარგად "მუშაობს"  ყურმოკრული ინფორმაციაც – თუ ბავშვმა იცის, რომ ამა და ამ წიგნის მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული, ის უფრო ინტერესდება წიგნით, რადგან ერთი სული აქვს, მერე ფილმი ნახოს. ფილმი ხომ უშრომელი სიამოვნებაა. წიგნის კითხვა კი  - შრომის ფონზე მიღებული... ჰოდა, ცხადია, უმეტესად იოლად გამოძრომა  ურჩევნიათ... მოკლედ, კინო და ვიზუალური ხელოვნება ერთის მხრივ ახშობს წიგნის კითხვის ენთუზიაზმს, მეორეს მხრივ კი, პირიქით – ინტრიგას თესავს პატარა მკითხველში. საკმაოდ დიდი ძალისხმევა და სწორი ფსიქოლოგიური მიდგომაა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს ამ ორი განსხვავებული ნიმუშის – კინოს და წიგნის განსხვავებული ძალა თუ მაგია...

- არაერთი კვლევის თანახმად ქართველ მოზარდებში წიგნის მიმართ ინტერესი დაბალია. ამ მიმართულებით საქართველო ერთ –ერთ ბოლო ადგილზეა მსოფლიოში. ამას ალბათ ვერ დავაბრალებთ საუკუნეს და ელექტრონულ ცივილიზაციას. რადგან მან სხვა ქვეყნის მოზარდებს ხელი არ შეუშალა წიგნის კითხვაში. რატომ დადგა საქართველოში ეს პრობლემა?

- ვფიქრობ, ამ თაობამ ჯერ უნდა "მოიწვას" კომპიუტერთან  ურთიერთობა. ჩვენც და ჩვენი ბავშვებიც ხარბად ვართ მიჯაჭვული ინტერნეტს. ფაქტობრივად, მონიტორთან ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ეს ტალღა გადაივლის და ჩვენ ვისწავლით კომპის მოხმარების კულტურას.  გარდა ამისა, მგონია, რომ ქართველები ცოტა უფრო ზარმაცები ვართ, ვიდრე ბევრი სხვა ერი... ალბათ ამიტომ მზა ინფორმაცია გვირჩევნია.  რატომ წავიკითხო, როდესად არსებობს ფილმი.... ეს ლოგიკა მუშაობს.

- საქართველოში წვავენ ლიტერატურას. არსებობენ აკრძალული საბავშვო წიგნებიც. მაგალითად, „ჰარი პოტერი“.  აღნიშნული ლიტერატურა არაერთგზის დაუგმიათ  მორწმუნეებს.  არადა თუკი წაიკითხავენ ჯადოქრების იმ სამყაროში, ვფიქრობ, სწორედ ქრისტიანულ  ღირებულებებს  აღმოაჩენენ. წაუკითხავად წიგნის დაგმობის ტრადიცია პოსტტოტალიტარული ტენდენციაა თუ უფრო ღრმა ფესვები აქვს?

- პირველი – ჰარი პოტერი საკულტო წიგნად შეიძლება ჩაითვალოს სიკეთის, სიყვარულის და სწორედ რომ ქრისტეანული ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით.

ე.წ. მორწმუნეთა რისხვას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ესაა ძალიან ბრმა მიდგომა... დარწმუნებული ვარ, ამ "მორწმუნეთა" ოთხმოცდაცხრამეტმა პროცენტმა არც კი იცის წიგნის შინაარსი... მათ მიერ აკვიატებული ფრაზა, რომ ჰარი პოტერი არის ჯადოქრობაზე და ა.შ. უბრალოდ ღიმილისმომგვრელია, რადგან ცოტათი რომ დაძაბონ მეხსიერება, რა უწიგნურნიც არ უნდა იყვნენ, აუცილებლად გაახსენდებათ ბავშვობაში ბებოს  და პაპას მიერ მოყოლილი ზღაპრები. ეს საკითხი სხვაგანაც არაერთხელ გამიჟღერებია და გამეორება მომიწევს... ძალიან ბევრი ქართული ხალხური  ზღაპარი არის ამ ე.წ. ჯადოქრობაზე. უარესი – სწორედ ქართულ ზღაპრებში წააწყდებით  საშინელ არსებებს – დევებს. მითხარით,  თუ გრაფი დრაკულა სატანისტური პერსონაჟია  (როგორც ამას "მრევლი" აღნიშნავს და მის ხსენებაზე პირჯვარს იწერს),  ბაყბაყდევი რითია მასზე უკეთესი? ან რატომაა  დასაწვავი საშინელებათა ჟანრის წიგნები, როცა ქართული ფოლკლორი სავსეა ჰორორის ელემენტებით. ჯერ მარტო "ხუთკუნჭულას" თავგადასავალი რად ღირს – დევების ქალების  დახოცვა, მათი ძუძუების ხორცის ჭამა, ანდა ზღაპარი ცოლ-ქმარზე, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავდა და შიმშილობისას ნაბოლარას რომ ხარშავენ... და ამ ზღაპრებს  ყველა ორთოდოქსი  დედა ტკბილი ხმით უყვება შვილს ძილის წინ... 

დავუბრუნდები "ჰარი პოტერს".  მის მიმართ რისხვა მხოლოდ "ჯადოქრობის" გამო არ გაღვივებულა.  ამ წიგნმა გააღიზიანა საზოგადოების  ობსკურანტულად განწყობილი ნაწილი, ვისაც მარგალიტები მხოლოდ ეთნოკულტურაში ეგულება და წინააღმდეგია უცხოურის მხოლოდ იმიტომ, რომ ის უცხოურია. გაღიზიანდნენ აგრეთვე ის მშობლებიც, რომელთაც  უნდოდათ, შვილი  კლასიკოს მწერლებზე აღეზარდათ და როულინგის ბომბივით აფეთქებულმა რომანმა  და შვილების მისით დაფანატებამ მათ ეს აღმზრდელობითი ბერკეტი წაართვა... შვილებმა მშობლების გარეშე აღმოაჩინეს თავიანთი პატარა "რელიგია"  "ჰარი პოტერის" სახით, თავისით აღფრთოვანდნენ, და ამ თვალსა და ხელს შუა გაზრდილმა  უმართავმა ბავშვებმა  თავისი ამ არჩევანით უნებურად დაარღვიეს ერთგვარი სუბორდინაცია, შელახეს უფროსების უფლებები, რადგან პატარებმა დამოუკიდებლად გააკეთეს არჩევანი.... "ყოვლისმცოდნე" მშობელიც გაიბუტა და წიგნი უპირობოდ დაიწუნა.

ცხადია, დიდი როლი ითამაშა ეკლესიამაც -  მოძღვრებმა  საკვირაო ქადაგებებში მრევლის იმ ნაწილს, რომელიც  სუნთქვაზეც "მამაოსგან" ელის ნებართვას, იოლად ჩააგონეს, რომ "ჰარი პოტერი" ანტიმართლმადიდებლური წიგნია. აუდიტორიაც, ცხადია, ბრმად დაემორჩილა და შინ მისულმა შვილები დატუქსა... ეკლესიის მიდგომა ამ შემთხვევაში პოსტტოტალიტარული რევერბერაცია არ არის. პოსტტოტალიტარული უფრო საზოგადოების დიდი ნაწილის ბრმა მორჩილებაა -  ადამიანები კომუნიზმის "ლეგენდიდან" ერთბაშად რელიგიურ "ლეგენდაში" გაეხვივნენ. მათ მოსწონთ "ლეგენდებში" ცხოვრება და თავის შეფარება სხვის მიერ შექმნილ რეალობაში.  ეკლესია კი... მას ბრალს ვერ დასდებ ამ სიტუაციაში. ისტორია გვაჩვენებს, რომ ის მუდამ ვიღაცას ან რაღაცას სჯის ღვთის სახელით.  იყო დრო, ინკვიზიცია მწითურ ადამიანებს იჭერდა და კოცონზე წვავდა -  ეშმაკისეულები და ალქაჯები არიანო, შუა საუკუნეების ევროპაში ლამაზ ქალებსაც წვავდნენ, რადგან მათ სატანამ მისცა სილამაზე,  შავ კატებსაც კი  წყვეტდნენ. მეცნიერები  ევროპაში შავი ჭირის გავრცელების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მგონი,  სწორედ კატების გაწყვეტას ასახელებენ... ყველაფერი ნათელია. ამ ინსტიტუციას  სჭირდება საკუთარი გავლენისთვის  ამგვარი მკვეთრი ზომების მიღება, თავისი ძალისა და ინსტრუმენტების ჩვენება. ესაა "ტერიტორიებისთვის" ბრძოლა. რაც უფრო მეტი გავლენა აქვს ეკლესიას, მით უფრო ძლევამოსილია, მრევლიც დიდია.  ძალა და გავლენა კი – ეს ფულია.  ხოლო მოაზროვნე, წიგნიერი, ქრისტეს გზისა და მაგალითის ჭეშმარიტი მიმდევარი  კი შორს დგას ამ ყველაფრისგან. მას არც  ლორდი ვოლდემორის ეშინია და არც  დრაკულას კბილების, რომ როგორმე რწმენიდან არ გადაცდეს... ის სტაბილურია თავის შეხედულებებში, სიკეთეში, რწმენასა და სიყვარულში.  ასეთი ადამიანი თვითონ კითხულობს "ჰარი პოტერს" და სხვა მსგავს ლიტერატურას, რომ მერე შვილები დააინტერესოს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი