|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი მშვენიერაძე - რელიგიური გავლენა დღითიდღე იზრდება საჯარო ხელისუფლებაზე

საქართველოს მთავრობა ამ ბოლო ხანებში „გრძნობებით“ დაინტერესდა და საკანონმდებლო ინიციატივებიც გაამზადა ამ მიმართულებით. რამდენიმე ხნის წინ შსს-მ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ინიციატივით, რომელიც  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის. რამდენად პასუხობს საქართველოს კონსტიტუციას აღნიშნული ინიციატივა? რამდენად დაიცავს ეს კანონი რელიგიური უმცირესობების ინტერესებს?

Newpress.ge -ს კითხვებს პასუხობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - დამფუძნებელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

- რამდენად მოდის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის?

- აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ინიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ (მისი ავტორია შინაგან  საქმეთა სამინისტრო), დღეის არსებული რედაქციით მოდიფიცირებულია, მან გარკვეული ცვლილებები განიცადა. მიუხედავად ამისა მიგვაჩნია, რომ მისი მიღება ყოვლად დაუშვებელია, რადგანაც ის წარმოდგენილი ცვლილებები რეალურად  მიზნად ისახავს დომინანტი რელიგიის მიმართ საჯარო კრიტიკის შეზღუდვას და გარკვეულწილად არის ცენზურის დაწესების მცდელობა. ხოლო მოტივი,  რითაც ამართლებენ მის მიღებას, არის  უმცირესობათა ინტერესების  დაცვა, რაც არასწორია. თავად რელიგიური უმცირესობების უდიდესი ნაწილი წინააღმდეგია ამ კანონის მიღების, რადგანაც კარგად აცნობიერებენ, რომ ეს კანონი  შესაძლებელია სწორედ მათ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა,  წარმოდგენილი კანონპროექტი ზღუდავს  გამოხატვის თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია პირთა უფლება, რომ მისგან წამოსული გარკვეული ინფორმაცია  ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს  სხვა პირისთვის, თუმცა სწორედ  თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება  გაავრცელებს თუ არა ასეთ იდეებს და თავად გადაწყვიტოს რაა მისთვის მისაღები და რა მიუღებელი. თვითონ კანონპროექტი ასეთი იდეების გავრცელებისთვის შესაძლებელია გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს,  მაგალითად,  როგორიც არის „სიწმინდის წაბილწვა“. ვიღაცისთვის შესაძლებელია  სიწმინდეს წარმოადგენდეს  რომელიმე ნახატი, ან თუნდაც ხატი. ქუთაისიში რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ საინტერესო გამოფენა გაკეთდა, სადაც ერთ-ერთმა ახალგაზრდა მხატვარმა ლია უკლებამ წარმოადგინა ნახატი, რომელზეც გამოსახული იყო ღვთისმშობელი, რომელიც იარაღით ცდილობს „თვითმკვლელობას“. ამით ავტორი გამოხატავდა გარკვეულ პროტესტს იმ მდგომარეობასთან დაკვშირებით, რომელიც სახელმწიფოში დღეს არის. ასეთი შემოქმედებითი ნაწარმოები შეიძლება ვიღაცისთვის აღმოჩნდეს მიუღებელი, მხატვარი  მიიჩნიონ „სიწმინდის წამბილწავად“ და ასეთ ადამიანს დაეკისროს სასჯელი. აღარ ვლაპარაკობ ლიტერატურაზე, როდესაც  რომელიმე ისტორიული პერსონაჟი (რომელიც ამავდროულად მართლმადიდებელი ეკლესიითვის შეიძლება წმინდანს წარმოადგენდეს) შეიძლება ლიტერატურულ პერსონაჟად იქცეს, მისი სახის მხატვრული დამუშავება, აღნიშნული ისტორიული პერსონაჟის ავტორისეული შეფასება და აღწერა  შეიძლება ეკლესიისთვის  მიუღებელი აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაშიც მიიჩნიონ ეს მათი „სიწმინდის წაბილწვად“.

აღნიშნულ კანონს შემოაქვს,  ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ღვთისმსახურების ან თუნდაც სხვა  რელიგიური წესისა და ჩვეულების აღსრულების ხელშეშლისთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი პასუხისმგებლობა ჩვენთან გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით.  ამ ნორმის  შემოღება გამოიწვევს სახელმწიფოში არსებული სტანდარტის შემცირებას. ანუ თუკი მანამდე პირი ჩაიდენდა დანაშაულს, უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის დადგენილი წესით. ამ ნორმის  მიღების შემთხვევაში ეს პირები ნაკლებად მძიმედ დაისჯებიან. ანუ ეს არანაირად  არ გამოიწვევს არსებული მდგომარეობის, ასე ვთვათ, გაუმჯობესებას.

კიდევ ერთი ნაწილი  რაც ამ მუხლშია, ეხება გარკვეულ რელიგიურ შენობებზე ნებისმიერი  სახის წარწერის გაკეთებას და მათ დაზიანებას. მიმაჩნია, რომ  რელიგიური შენობა-ნაგებობების ცნება ქართულ კანონმდებლობაში არ გვაქვს, ასეთი რამ არ არსებობს. ვინ უნდა განსაზღვროს სტატუსი, რომელი შენობა უნდა იყოს რელიგიური და რომელი არა?! შესაძლებელია ადამიანთა ჯგუფი ჩვეულებრივ შენობაში იკრიბებოდეს და ლოცულობდეს და თუკი ამ შენობაზე გაკეთდება წარწერა, რატომ არ არის სამართალდარღვევა?

ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე არსებულ შენობაში, სადაც  იეჰოვას მოწმეები ატარებდნენ მსახურებას, მახსოვს, ამ სახლს კედლებზე წარწერები გაუკერთეს.  და არის თუ არა ეს შენობა რელიგიური ნაგებობა? ამის გარკვევა იქნება შეუძლებელი. ხოლო ზოგადად, ნებისმიერ შენობა-ნაგებობაზე წარწერის გაკეთება ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსით დღესაც დასჯადია. თუკი ეს მუხლი სახელმწიფოს უნდა რომ მაინცადამაინც დარჩეს მაკვალიფიცირებლად, მაშინ გადაიტანონ  სწორედ იმ მუხლში, რომელიც ზოგადად შენობა-ნაგებობებზე წარწერების აკრძალვას ემსახურება და დასჯადი  იყოს უფრო მკაცრად, თუკი ეს რელიგიური მოტივებით იქნება ჩადენილი.

- რატომ ხდება რომ ბოლო პერიოდში  სწორედ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური საკითხები დგება ეჭვქვეშ, თანაც ამ ეჭვებს სწორედ სახელმწიფო აჩენს?

- სახელმწიფოს ჩარევა ესეთი ტიპის საკითხებში, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და არც ერთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელსაც სახელმწიფო იღებს, არ უნდა იქნეს  გამოყენებული არც ერთი რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ  - ეს იქნება დომინანტი რელიგია თუ  არადომინანტი. როდესაც რელიგიურ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ შეინარჩუნოს  რელიგიური ნეიტრალიტეტი და ყველა რელიგიისთვის  შექმნას თანაბარი პირობები, რათა ამით მიეცეთ თანაბარი განვითარების საშუალება. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მართლმადიდებლური რელიგია იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ეს ბევრ კომპონენტში  გამოიხატება. გავიხსენოთ ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. სადაც, ვთქვათ, უმაღლესი განათლების მიღების ერთ-ერთი ეტაპი - დოქტორის სტატუსის მინიჭება,  ერთი პირის - პატრიარქის უფლებამოსილება ხდება. რელიგიური გავლენა დღითიდღე იზრდება საჯარო ხელისუფლებაზე და თუკი ეს რაღაც ეტაპზე არ შეჩერდა, ჩვენ რეალურად გვემუქრება ის საფრთხე, რა საფრთხეც განხორციელდა ირანში. როცა ვამბობთ მართლმადიდებლური ირანი  ეს არის ნაბიჯები, რომელსაც მივყავართ ამ მიმართულებით და თუ ეს დროულად არ აღიკვეთა, ბუნებრივია ჩვენ შემდგომ ძალიან გაგვიჭირდება იმის უკან დაბრუნება რაც გაგვაჩნია.

- რამდენად გვემუქრება მონარქია?

- მონარქიის იდეა უტოპიურია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება ძალიან დიდ პატივს სცემს საქართველოს პატრიარქის მოსაზრებებს, ეს ის საკითხია, რომელშიც მას გაემიჯნება. მაგალითად, მინდა გავიხსენო ის ფაქტი, როდესაც პატრიარქმა  თქვა, რომ პუტინი ჭკვიანი ადამიანია. ამის შესახებ როცა აზრს ეკითხებოდნენ რიგით მოქალაქეებს, ისინი ამბობდნენ, რომ პატრიარქს პატივს სცემენ, მაგრამ თავად ასე არ ფიქრობენ. მონარქიის იდეაც ერთი აგორებული კამპანიაა, იმიტომ რომ ადამიანებს არ გაუცნობიერებიათ თუ რასთან აქვთ საქმე. მათ შეიძლება ვინმე ისტორიული პერსონაჟის გაცოცხლება მოსწონთ მათ შინაგან განწყობაში და მონარქი წარმოუდგენიათ დავით აღმაშენებლად, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომელშიც საქართველო ცხოვრობს. ჩვენ 200 წელია მონარქი არ გვყოლია, ჩვენი მმართველობის  ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა და მე ვფიქრობ ქართველი მოქალაქეები ამ ტიპის ცვლილებებს არ დაუშვებენ. თუკი ჩვენ გვინდა მონარქი  რეალური უფლებამოსილებით, ეს არის დემოკრატიის საწინააღმდეგო, თუკი გვინდა მონარქი სიმბოლურად, მე როგორც გადასახადების გადამხდელს მაქვს მარტივი კითხვა  - რატომ უნდა ვარჩინო მოქალაქე ბაგრატიონი?!

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა