"მოვეფერებით ქუთაისს, როგორც სატრფოს და მეგობარს" (VIDEO)
პოეზია და მუსიკა მისთვის განუყოფელია. ვინც თამაზ მონიავას იცნობს კარგად, იცის მისი ლექსებიც და სიმღერებიც. კოლორიტი ქუთაისელი სამი წიგის ავტორია. ამბობს, რომ მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი პატარა ოთახში იქმნება, რომელიც მთელ სამყაროს იტევს. წერს სიყვარულზე, სამშობლოზე, ქუთაისზე, ყველაფერზე რაც ტკივა და უხარია. ქუთაისში კარგად იცნობენ. მეგობრები მის შემოქმედების პირველი შემფასებლები არიან. ოთარ რამიშვილის მოსწავლე იყო, თუმცა თავს მის შვილობილად თვლის. მაესტროსგან შექებაც დაუმსახურებია, შენიშვნებს კი, როგორც ამბობს, ოთარ რამიშვილი არასდროს ამბობდა.
ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი კი, ბიძინა ივანიშილზე შექმნილი სიმღერით "მევიდა ბიძინე" გახდა. როგორც თამაზ მონიავა იხსენებს, სიმღერას სხვადასხვაგვარი შეფასება მოყვა, ზოგმა ის პოლიტიკოსის ლანძღვად, ზოგმაც ქებად მიიღო, თავად კი სულ სხვა რამის თქმა სურდა. მისი სათქმელი ქართველი ხალხის სიზარმაცეს ეხებოდა და არა რომელიმე პოლიტიკოსს. ქუთაისის ძველ უბანში ძველებური ქუთაისელივით ცხოვრობს. მეგობრების კამპანიას სიმღერა, იუმორი და ალკოჰოლი ახლავს. აივანზე სახელდახელოდ გაშლილი სუფრა მისი ცხოვრების თანამგზავრია, ხუმრობს კიდეც, რომ მეზობლებმა ყველა მისი სიმღერა ზეპირად იციან.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი