"თავისუფალი ზონის" წევრებისათვის პატიმრობის შეფარდებას სახალხო დამცველი დაუსაბუთებლად მიიჩნევს
ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს ადეკვატური სამართლებრივი ზომები, რომელიც არ იქნება შერჩევითი, სასამართლოს განჩინება კი, რომლითაც იზღუდება პირის თავისუფლება, უნდა იყოს სანიმუშოდ დასაბუთებული.
" სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას ამ საკითხებთან დაკავშირებით. განჩინების თანახმად, სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტს, რომ მოსალოდნელია ახალი დანაშაულის ჩადენა, თუმცა, აღნიშნული არგუმენტი გამყარებულია ბრალდებულთა მიერ წარსულში ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომებით, რაც თავისთავად არ წამოადგენს არც დანაშაულს და არც დანაშაულის ჩადენის წინაპირობას. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დასასაბუთებლად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბრალდების დადასტურების შიში გაუჩენს ბრალდებულებს მიმალვის სურვილს. ბუნებრივია, მსგავსი მოტივით პატიმრობის შეფარდება ყოველგვარ აზრს უკარგავს სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების არსებობასაც კი. ამგვარი მიდგომით ნებისმიერი პირის მიმართ ბრალის წაყენება პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი ხდება, რაც ადამიანის უფლებების ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს"-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბოლო წლებში მომხდარი მსგავსი შემთხვევების დროს, პატიმრობა გამოყენებული არ ყოფილა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















