თემურ ლანჩავას "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიენიჭა
მწერალ თემურ ლანჩავას "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიენიჭა. გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ მიიღო, დღეს კი, ჯილდო მწერალს ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა გადასცეს.
"ვულოცავ თემურ ლანჩავას ამ ჯილდოს და მადლობას ვუხდი მისი საქმიანობისათვის. საამაყოა, რომ საპატიო ქუთაისელმა მიიღო ეს ჯილდო. ვუსურვებთ მეტ წარმატებას თავის საქმიანობაში", – განაცახადა შოთა მურღულიამ.
აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს მოოქროვილ და ძვირფასი თვლებით მოჭედილ სამკერდე ნიშანს. ის 4 წლის წინ დაწესდა და ათამდე ადამიანს აქვს მიღებული.
"მადლობა სამინისტროს ამ ჯილდოსათვის, რომ დააფასეს ჩემი საქმიანობა. ვიდრე ეს ჯილდო სხვა ჯილდოებივით გაუფასურებულა, იქამდე შევიფერებ", – განაცხადა თემურ ლანჩავამ.
დაჯილოების ცერემონიალს პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე და მწერლის მეგობრები ესწრებოდნენ.
"ეს არის წარმატებული ადამიანი, კარგი ქართველი, ბოლოს და ბოლოს კაცია, ქართველი კაცი", – აღნიშნა ნიშნიანიძემ.
მწერალმა საჩუქრები ადგილობრივი ხელისუფლებისაგანაც მიიღო. მერიამ საჩუქრად ბიბლია გადასცა, იმერეთის გუბერნატორმა კი წიგნები.
თემურ ლანჩავას გამოცემული აქვს 20 პროზაული და 10 პოეტური კრებული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 1975 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
2001 წელს აირჩიეს ქუთაისის საპატიო მოქალაქედ.
მინიჭებული აქვს ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშავალას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძის, აბუსერიძე ტბელის, ოთარ მამფორიასა და მუხრან მაჭავარიანის პრემიები.
არის ქუთაისის საპატიო მოქალაქეთა საბჭოს თავმჯდომარე, საზოგადოება „ქუთაისელის“ ვიცე–პრეზიდენტი. ქუთაისის მერიასთან არსებული პატივგების კომისიისა და ჟურნალ „განთიადის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
2012 წელს მიენიჭა ქართული კულტურის რაინდის წოდება. დაჯილდოებული იქნა კულტურის მინისტრის მიერ დიპლომით ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















