"ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული ჩვენი მოსახლეობისათვის" - გიორგი ჭიღვარია
"ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული ჩვენი მოსახლეობისათვის" - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას სტრატეგია შემუშავებული არ აქვს.
"ჩვენ ჯერჯერობით ვმუშაობთ ამ სტრატეგიაზე. 2019 წლის ბოლოს წყდება ძირითადი ხელშეკრულებები სატრანსპორტო კომპანიებთან და ამ დროისათვის ჩვენ ვიქნებით მზად, რომ ახალი სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ.
ამას ვსაუბრობდით არჩევნებზეც, რომ აქტიურად ამ საკითხში ჩვენ 2019 წლიდან ჩავერთვებით. ჩვენი პოზიცია ისევ ის არის, რომ ტრანსპორტის გარკვეული ნაწილი უნდა იყოს ადაპტირებული და ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული ჩვენი მოსახლეობისათვის"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ "ნიუპრესთან" საუბარში.
რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს, ქუთაისის მერი აცხადებს, რომ არც ამ საკითხის მიმართ არსებობს ჩამოყალიბებული სტრატეგია. "რაც შეეხება გაჟღერებულ ვერსიებს, ეს იყო მხოლოდ თანამშრომლის მოსაზრება", განმარტა ქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემა ქუთაისში აქტუალურია, რადგან არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხელშეკრულებებით მომუშავე კომპანიები კი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ პასუხობენ. გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი ჭიღვარიას მთავარი საარჩევნო დაპირება სწორედ ტრანსპორტის საკითხის მოწესრიგება იყო.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















