"თვითმმართველობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს"- ალუდა გოგლიჩიძე
"თვითმმართველობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს, რეალური თვითმმართველობის ამოქმედებას ხელს პოლიტიკური ნების არარსებობა უშლის"- აცხადებს ქუთაისის მერობის კანდიდატი "შენების მოძრაობიდან" ალუდა გოგლიჩიძე.
ქუთაისის მერობის კანდიდატი დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომას დაესწრო. სურვილის მიუხედავად, მან დეპუტატებისათვის სიტყვით მიმართვა ვერ შეძლო. როგორც საკრებულოში განმარტავენ, პროცედურის მიხედვით, საკრებულოში გამოსვლის მოთხოვნით სამი დღის ადრე უნდა მიემართათ.
მერობის კანდიდატმა მისი მიმართვა ჟურნალისტებს გააცნო. ალუდა გოგლიჩიძე თვლის, რომ ქუთაისის ხელისუფლებამ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი არ აამოქმედა.
"ქუთაისის ხელისუფლებამ არავითარი მსვლელობა არ მისცა მუნიციპალიტეტების საერთო კრების ამოქმედებას, რომელიც არის თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული. მე მივმართავ ქუთაისის თვითმმართველობას, იქნებ საკრებულომ შეინარჩუნოს სახე და მოსახლეობას აუხსნას, რამ განაპირობა ამ საკანონმდებლო ნორმის ამოქმედების შეფერხება, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების დონეზე მოსახლეობის მიერ რჩეულების საბჭოს შექმნას, რომელიც არის თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის შესაძლებლობა", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.
შეგახსენებთ, ალუდა გოგლიჩიძე ქუთაისის მერობის კანდიდატად "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გუშინ დაასახელა. გოგლიძიძეს თქმით, ქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში ის იზრუნებს, როგორც ლოკალური პრობლემების გადასაჭრელად, ასევე ქალაქის თვითმმართველობის გაძლიერებისათვის.
მერობის კანდიდატს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ირმა პეტრიაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, თვითმმართველობის ქმედითუნარიანობა მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული. "კანონი არის ახალი მიღებული და მოქალაქეებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ კანონის განხორციელებაში, გამომდინარე იქედან რომ ნებისმიერ დეპუტატი იქნება ეს თუ თვითმმართველობის წარმომადგენელი, თვითონ ვერ მოახდენს იმ რჩეულების შერჩევას, რაც საზოგადოების წიაღიდან უნდა წამოვიდეს"-განაცხადა ირმა პეტრიაშვილმა დეპუტატის პასუხად.
შეგახსენებთ, ცვლილება თვითმმართველობის კოდექსში 2015 წელს შევიდა.
„შენების მოძრაობის“ სახელით მერობისთვის ქუთაისში ალუდა გოგლიჩიძე იბრძოლებს
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















