„ტყიბულის მაღაროში განვითარებული მოვლენები არის შრომითი დავა"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ტყიბულის მეშახტეთა გაფიცვას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებისგან ინფორმაცია მოისმინა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტყიბულში განვითარებული მოვლენები შრომითი დავაა.
„ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის, ცალსახად, შრომითი დავა. ის არ არის კავშირში სხვა პროცესებთან. ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან ჩართულია შრომით დავაში. მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც შრომითი დავის ფარგლებში რჩება. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენი მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მეშახტეებს მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ, - ამის შესახებ მთავრობის ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.
"თქვენი დავალების შესაბამისად ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება მეშახტეებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მთავრობის სხდომაზე განცხადება რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც გააკეთა.
„როდესაც საბჭოზე, რომელსაც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატიც ესწრებოდა, გადაწყვეტილება მივიღეთ, ვთქვით, რომ 800 მეტრზე ქვემოთ კრიტერიუმებს არ განვიხილავთ, იმიტომ, რომ ეს არ არის მთა. თუმცა მთა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობაა და რა შესაძლებლობაც გვაქვს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არა მთის კანონის მეშვეობით,“- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















