ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა ქალაქის მერიის წინ გადაინაცვლეს
ტყიბულში მეშახტეების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მეშახტეების თქმით, შეთანხმება ვერ შედგა და მათი პროტესტი გრძელდება.
გაფიცულების განცხადებით, ადმინისტრაცია მათ დამატებით დრო ითხოვეს, რაც მათთვის მიუღებელია. ამიტომ მეშახტეებმა პროტესტის გამოსახატად მერიის წინ გადაინაცვლეს. მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, რა დროსაც ადგილობრივეს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდნენ.
როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს და მათ სხვადასხვა დაწესებულებები შეუერთდებიან. ადმინისტრაციის და მეშახტების შეხვედრას ქალაქის მერი თემურ ჩუბინიძე ესწრებოდა.
მისი თქმით, მეშახტეების მოთხოვნა გასაგებია და ის სოლიდარობას უცხადებს მათ, ასევე იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქნახშირმა“. კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, რაც ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისათვისაც. ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















